ანტიოკუპაციური მოძრაობა: ხელისუფლება სადამკვირვებლო მისიის ჩაშლას ცდილობს

ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშია 2017-12-14 10:36:40 ნახვები 3204

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" აცხადებს, რომ ბოლო დროს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მოძრაობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები სადამკვირვებლო მისიის ჩაშლისკენაა მიმართული, რაც მხოლოდ რუსი ოკუპანტების წისქვილზე ასხამს წყალს.

მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ შსს-მ მათ ორგანიზაციის მხარდამჭერების მიერ შეძენილი ორი კონტეინერის სოფელ ნიგოზაში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მონაკვეთზე ჩადგმის ნება არ მისცა, არაოფიციალურ მიზეზად კი ის დასახელდა, რომ სტაციონარული საგუშაგო რუს ოკუპანტებს გააღიზიანებდა, რადგან მისი დანახვა ოკუპირებული წინაგარის სამხედრო ბაზიდან იქნებოდა შესაძლებელი. სამოქალაქო აქტივისტებს ორი მცირე ზომის ჯიხური-კონტეინერის თავშესაფრად გამოყენება ზამთრის პირობებში პატრულირებისას სურდათ. 

ამას თან დაერთო ორგანიზაციის წევრების გადაადგილების შეზღუდვა "ძალა ერთობაშიას" ერგნეთის საგუშაგოს მიმართულებით, რომელიც იქ ოკუპანტების მიერ გავლებული რკინის ღობიდან 50 მეტრში მდებარეობს. არაოფიციალურ მიზეზად აქაც რუსი ოკუპანტების პატრულის გაღიზიანება სახელდებოდა. 

13 დეკემბერს კი კასპის მერის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ანულირებულია მუნიციპალიტეტთან 2016 წლის არჩევნებამდე არსებული სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტებს სოფელ ნიგოზაში, სოფლის კლუბის ერთი ოთახი გამოსაზამთრებლად ჰქონდათ დათმობილი.

შეთანხმება მინიციპალიტეტის მერის მოადგილესთან დაიდო, მისი ინიციატივით აქტივისტებს ოთახის გასაღებიც მისცეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ახლადაღცეულმა მერმა მანუჩარ მერებაშვილმა გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო, მერის მოადგილემ უარყო შეთანხმების არსებობა, რის შემდეგაც კასპის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ძალა ერთობაშია" სოფლის კუთვნილ, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობაში "უკანონოდ იყო შეჭრილი". მისივე თქმით, აქტივისტების გამოსახლება ადგილობრივმა მოსახლეობამ მოითხოვა, რადგან "ბავშვებს სოფელში უცხო ხალხის გადაადგილება აშინებს". 

"ძალა ერთობაშია" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს არის უსინდისო ტყუილი და, შესაძლოა, კასპის მერი ხელისუფლების ზედა ეშელონების გადაწყვეტილებას ახმოვანებდეს, რომელსაც მისიის დაშლა სურს. მისიის შესრულების ხუთი თვის განმავლობაში, ორგანიზაციის არცერთ აქტივისტს, არათუ დაპირისპირება და უკმაყოფილება, კამათიც კი არ ჰქონია ადგილობრივ მოსახლეობასთან, პირიქით: მოსახლეობა აქტივისტებს მხარდაჭერას უცხადებდა და სახლებში ეპატიჟებოდა, ხოლო ადგილობრივ სკოლასთან და ზოგადად, ბავშვებთან ურთიერთობა დამყარებული იყო სრულ ურთიერთგაგებაზე, რაც არაერთხელ აღუნიშნავს სკოლის დირექტორს.

ჩვენი აზრით, მოსახლეობის სახელით საუბარი და თითქოსდა მათი უკმაყოფილების ხაზგასმა მაშინ, როცა ეს უკმაყოფილება ბუნებაში არ არსებობს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხელისუფლებას მისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და მეტიც, მისი ჩაშლა სურს. 

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზი, რომელიც ოკუპირებული შიდა ქართლის ნაწილში რუს ოკუპანტთა აქტივობის გაშიფრვის შედეგადაა მიღებული, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მტრულად განწყობილი რუსეთის სამხედრო მანქანა დიდი პროვოკაციისთვის ემზადება. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყო როგორც ცხინვალის მიმართულებით (ძარწემის პოლიგონზე), ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში (ნაგვალოუ, წებელდა). სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს ასევე ასტრახანის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში. აღსანიშნავია, რომ სწავლებების პრაქტიკულ ნაწილში პირობითი მოწინააღმდეგე თითქმის ყველა შემთხვევაში საქართველოა. 

ამ ფონზე "ძალა ერთობაშიას" წინააღმდეგ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა მიერ გადადგმული ნაბიჯები აჩენს აღქმას, რომ კონფლიქტის ზონაში ხელისუფლებას ხელს უშლის ეფექტური სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც ოპერატიულად ამუშავებს ინფორმაციას და მედიასაშუალებებში, ასევე სოციალურ ქსელებში მათი სწრაფი გავრცელებით, უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას. მიზეზი აქაც მარტივი და ბანალურია: "რუსეთს ნუ გავაღიზიანებთ". 

"ძალა ერთობაშია" აცხადებს, რომ სადამკვირვებლო მისია არ შეწყდება იმის მიუხედავად, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ რესურსს იმისთვის, რომ ზამთრის პირობებში პატრულირების გაგრძელება მოვახერხოთ. პარალელურად, გაგრძელდება აქციები ავტომაგსტრალზეც. 

ძალა ერთობაშია!

დატოვე კომენტარი