ანტიოკუპაციური მოძრაობის საგუშაგომ უკანონო ბანერის სიახლოვეს, მაგისტრალთან გადაინაცვლა

ძალა ერთობაშია 2017-12-19 14:15:32 ნახვები 4591

ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია", აცნობიერებს რა, რომ სოფელ ნიგოზაში მათი დისლოკაციის ადგილის გამო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შექმნილი პრობლემები ხელოვნურია, მოსახლეობასთან დაპირისპირების იმიტაციის ჩაშლის მიზნით, ნიგოზას ტოვებს და მაგისტრალთან, უშუალოდ უკანონო ბანერის სიახლოვეს გადადის. 

ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, როცა ორგანიზაციის ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ სადამკვირვებლო მისია მაგისტრალზე გადადის, საიდანაც გააგრძელებს როგორც აქცია-პერფორმანსს, ასევე ოკუპანტთა აქტივობის დაკვირვებას. დავით ქაცარავას განცხადებით, საგუშაგოს დისლოკაციის ადგილის შეცვლა არ არღვევს ბუფერულ ზონას და არ სცდება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, რაც გამორიცხავს ვარაუდსაც კი, რომ მოქალაქე აქტივისტები პროვოკაციის მიზეზს მისცემენ ოკუპანტებს:

"საგუშაგო უშუალოდ მაგისტრალიდან მარჯვნივ, გაჩერებასთან მდებარე გორაკზეა, სადაც მოსახლეობაც მოძრაობს და თვალთვალისთვისაც უკეთესი სივრცეა. თავდაპირველი შეთანხმებით, ჩვენი საბაზისო ლოკაცია სოფელ ნიგოზაში უნდა ყოფილიყო, სადაც კასპის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, რიტუალების კლუბში გამოგვიყვეს პატარა ოთახი, მაგრამ ახლადარჩეულმა მერმა მოულოდნელად დაგვაცლევინა და განაცხადა, რომ იქ უკანონოდ ვიყავით შეჭრილი.

ასევე, ჩვენი ინფორმაციით, მერი და მისი გარემოცვა აქტიურად მუშაობს მოსახლეობის ნაწილთან, რომ მათი მხრიდან ჩვენთან დაპირისპირების იმიტაცია მოხდეს, რათა გამართლდეს მისივე სიტყვები, თითქოს იმ ოთახიდან ადგილობრივების მოთხოვნით გამოგვიშვეს და რომ თითქოს ჩვენ, უცხო ხალხი, ნიგოზაში "ბავშვებს ვაღიზიანებთ". სწორედ ამ პროვოკაციისთვის თავის ასარიდებლად, ჩვენ ვტოვებთ ნიგოზას და დისლოკაციის ადგილს ვუცვლით ჩვენს საბაზისო საგუშაგოს", - აღნიშნავს ორგანიზაციის საინფორმაციო-ანალიტიკური მიმართულების კოორდინატორი ლაშა ბერულავა.

ორგანიზაციის ლიდერი დავით ქაცარავა კი ასევე აცხადებს, რომ სულ მალე, მოძრაობის აქტივისტები აქციით "ფრთხილად, ოკუპანტები!" სხვა, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ლოკაციაზეც გამოჩნდებიან:

"ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ვიბრძვით დეოკუპაციისთვის, არანაირ დაპირისპირებაში არ შევდივართ პერსონებთან და ვაკეთებთ საქმეს, რაც თავიდანვე დავაანონსეთ. ამავე დროს, ვცდილობთ, შევხვდეთ ახალ შს მინისტრს, რადგან ვაცნობიერებთ, რომ კონფლიქტის ზონაში ნებისმიერი აქტივობა, რაც გადაადგილებას შეეხება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, უნდა შევათანხმოთ პოლიციასთან. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას იმ პოლიციელებისადმი, რომლებიც კონფლიქტის ზონასთან ახლოს, საოკუპაციო ზოლზე ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ჩვენ მათი საწინააღმდეგო, რასაკვირველია, არაფერი გვაქვს", - ამბობს ქაცარავა.  

დატოვე კომენტარი