გახსოვდეს შენი ისტორია: როგორ მტრობდა რუსეთი ერთმორწმუნე საქართველოს და მის ეკლესიას

ლაშა ბერულავა 2017-12-19 22:44:47 ნახვები 4969

ეს მცირე ფრაგმენტია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობიდან, რომელიც საეკლესიო სფეროს უკავშირდება და რომელიც საქართველოს ისტორიულ წყაროებშია შემონახული. 

მართლმადიდებლურმა რუსეთმა 1811 წელს გააუქმა თორმეტსაუკუნოვანი საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესია და აკრძალა ქართული ღვთისმსახურება.

დახურა 15 მონასტერი და 860-ზე მეტი ეკლესია, რუსულმა ეკლესიამ შეათეთრა ქართული ფრესკებით მოხატული ტაძრები და მონასტრები, საქართველოს ეკლესიას ჩამოერთვა 140 მილიონი მანეთის ქონება.

რუსმა ეგზარქოსებმა გაყიდეს იმერეთის საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა, მათ იმერეთის საკათალიკოსო სამოსიც კი გაძარცვეს, საიდანაც 4 კგ-მდე ოქრო გამოადნეს.

გელათიის მონასტრის საეკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა მილიონებად ღირებული განძეულობა; მათ შორის იყო:

1) ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანქრით გაწყობილი XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება“. „ეს სახარება ეგზარქოს ევსენის ნებართვით გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა, რომელმაც მოხსნა ოქროს მოჭედილობა და იგი შეცვალა საზიკოვის იაფფასიანი ვერცხლის ნახელავით. ამჟამად ეს ძვირფასი ოქროს მჭედლობა ინახება პეტერბურგში, სტროგანოვის მუზეუმში, სადაც იგი გრაფ პანინის მიერ იქნა ჩატანილი. ინგლისელები სახარების ოქროს მოჭედილობაში იძლეოდნენ ასი ათას ფუნტ სტერლინგს.

2) ოქრომკედით მოქარგული და მსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისაგან შეკერილი იმერეთის კათალიკოსების პატრიარქის შესამოსელი... ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული. მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადნეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებული იქნა გულქანდების დასამზადებლად...

განძეულის დატაცებასა და შეცვლაში ადანაშაულებდნენ გრაფ პანინსა და გენერალ ლევაშევს, რომლებმაც ნებართვა ეგზარქოს ევსევისგან აიღეს.

ამავე დროს, ეგზარქოს ევსევის ხელშეწყობით სიონის ტაძრიდან, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ძვირფას მორთულობასთან ერთად გაქრა მრავალი ძვირფასი ნივთი და სამღვდელმთავრო ომოფორებიდან და ბისონებიდან ათობით მოხსნილი თვალ-მარგალიტი.

ზუსტად ასევე გაქრა აურაცხელი ძვირფასეულობა: ოქროს ჭურჭელი, ჯვრები და სხვა განძეული მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის და სხვა საკათედრო ტაძრებიდან. ამათ მიჰყვა განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შემოქმედისა და სხვა მონასტრებიდან...“

ეპისკოპოს კირიონის თქმით, სიონის ტაძრის საეკლესიო სალაროში ინახებოდა მინიატურებიანი ხელნაწერები. „ისინი ეგზარქოსის ნებართვით წაიღო გრაფმა ბობრინსკიმ; ხელნაწერებიდან ამოჭრა მინიატურები, - დაიკარგა მინიატურებიცა და ტექსტიც, რომელიც მინიატურების უკანა მხარეს იყო მოთავსებული . (იხ. საეკლესიო უწყებები. 1906, #47, გვ.16).

იმერეთის კათალიკოსის პატრიარქის შესამოსელზე, რომლის შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი, ცნობილია შემდეგი:

სამღვდელმთავრო ბისონზე ამოქარგული იყო რწმენის სიმბოლო ბერძნულ ენაზე, მარჯვენა სახელოზე - რწმენის სიმბოლოს პირველი წევრი, ბისონის წინა ნახევარზე (რომელიც გაყოფილი იყო ამოქარგული 12 მოციქულის ეპიტრაქილიით) შემდეგი ექვსი წევრი, მარცხენა სახელოზე - მერვე, მეცხრე, მეათე; უკანა მხარეზე გამოსახული იყო ტახტზე დაბრძანებული მაცხოვარი ქრისტე წიგნით ხელში.

მის ზემოთ მეთერთმეტე წევრის სიტყვები, ქვემოთ კი - მეთორმეტის. როცა პატრიარქი კათედრაზე დაჯდებოდა, სამოსელის უკანა ნახევარი გადაიფინებოდა. ასე რომ, სარწმუნოების გამოცხადებას ყველა ხედავდა.

მარგალიტით მოოჭვილი მიტრა დამშვენებული იყო ბრილიანტის ჯვრით, რომელიც ერთ დროს მეფე ვახტანგის (446-491) გვირგვინს ამკობდა.

ეს მსხვილი ბრილიანტი ვახტანგ მეფემ სპარსეთში ლაშქრობების დროს მოიპოვა.

რუსებმა მთლიანად დაწვეს ქართული ეკლესიის კანონებისა და დადგენილებების არქივი, რაც გადარჩა, მტკვარში გადაყარეს.

1886 წელს თბილისის გუბერნიის რუსმა ეგზარქოსმა პავლემ დასწყევლა ერთმორწმუნე ქართველი ერი.

გახსოვდეს შენი ისტორია!

დატოვე კომენტარი