წამო პატრულში! - შეუერთდი სადამკვირვებლო მისიას

ძალა ერთობაშია 2017-12-19 22:52:13 ნახვები 1526

ალბათ, ყველას თუ არა, ბევრს მაინც გახსოვთ მშვენიერი სოციალური რეკლამა, რომელიც სარეზერვო სამსახურის პოპულარობის ზრდისთვის მოიფიქრეს და რომელმაც, თავის დროზე, მართლაც დიდი როლი ითამაშა რეზერვის პოპულარიზაციაში. 

თინეიჯერები, რომლებიც სპორტული მანქანის საჭესთან სხედან, შუქნიშნის წითელ სიგნალზე გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან, თან ტერფს აქსელერატორზე ათამაშებენ, ელოდებიან, როდის აინთება მწვანე, რომ გაიჭრან, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ, რომ თავიანთი მარკის უპირატესობა დაამტკიცონ...

ამ დროს, მათ გვერდით ჯავშანტრანსპორტიორი აჩერებს, რომლის ძარაზეც ასევე თინეიჯერი ბიჭია, სამხედრო ფორმაში ჩაცმული. ის თანატოლებს უღიმის, სპორტულ მანქანაში მსხდომნიც ინტერესით შესცქერიან, ხოლო სამხედროფორმიანი უცებ, მათ ეუბნება: "წამო რეზერვში! მაგარია!" - და ცერა თითს უჩვენებს. მანქანაში მსხდომები მაშინვე ტოვებენ სპორტულ მანქანებს და ჯავშანტრანსპორტიორში გადასხდებიან. 

25 ივლისიდან დღემდე "ძალა ერთობაშია" ბევრი ახალი მოხალისით შეივსო. სწორედ ძირითად გუნდს პლუს მოხალისეების დამსახურებაა, რომ არცერთი დღე არ ჩავარდნილა და პატრულირება გრძელდება, ესე იგი, გრძელდება ოკუპანტთა აქტივობაზე დაკვირვება, მასალების მოპოვება, გაანალიზება და გავრცელება. 

ეს ჩვენი, თქვენი მისიაა - ვიყოთ ახლოს იქ, საიდანაც სულ რაღაც ასეული მეტრები გვაშორებს საოკუპაციო ზოლს, მავთულხლართებს, რუსულ საბრძოლო ტექნიკას და მათ უკანონო პატრულს. 

ჩვენი პატრულირება კანონიერია, მათი - უკანონო! სწორედ ამიტომ, შეხვედრის დროს, როცა ერთმანეთს გადავეყრებით, ისინი თვალს ვერ გვისწორებენ და გარბიან, ცდილობენ, გაგვეცალონ...

ჩვენთან მოსახვედრად არაა საჭირო განსაკუთრებული მომზადება, არაა საჭირო განსაკუთრებული უნარები - წამო პატრულში! მთავარია, გინდოდეს და ჩვენ თავად მოგძებნით.

სულ ერთია, ვინ ხარ შენ: სტუდენტი, ლექტორი, მუშა... სულ ერთია, რომელ სქესს ეკუთვნი: გამონახე დრო, წამოდი და ნახე საკუთარი თვალით, რა ახლოსაა რუსული ოკუპაციის საცეცები, მოუყევი თანატოლებს, უთხარი მათაც: წამო!

დაფიქსირდით კომენტარებში, ჩვენ თვითონ შეგეხმიანებით. ან დარეკე: 599 89 07 42 - გავდივართ ყოველდღე, თბილისიდან, მივდივართ აქედან 40 კილომეტრში და საღამოს ვბრუნდებით უკან. ყველაფერთან ერთად, შენ შეგიძლია დადგე მაგისტრალზე, ანტიოკუპაციური ბანერებით და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინო, რა ახლოსაა რუსული ოკუპაცია და კონკრეტულად სად გადის საოკუპაციო ზოლი. 

ასე რომ, წამო პატრულში! ეს შენი პატრულია - დააკვირდი, დაინახე და დაანახე სხვასაც! 

ძალა ერთობაშია!

"ძალა ერთობაშია", კოორდინატორთა გუნდი

დატოვე კომენტარი