თბილისში, კარფურის "ისთ ფოინტის" ფილიალში ბანანს იმ ყუთებიდან ჰყიდიან, რომელსაც სიგრძეზე გასდევს რუსული წარწერა "აბხაზია", მარცხენა მხარეს რუსეთის სახელმწიფო დროშა, მარჯვენა მხარეს კი ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის დროშა აქვს გამოსახული.
"ისთ ფოინტის" კარფურში დაცლილი ყუთების ფოტო მომხმარებელმა გადაიღო და "ფეისბუქზე" ატვირთა, სხვადასხვა მომხმარებლებმა კი კომენტარებში დაწერეს, რომ თბილისში დღეს ე.წ. აფხაზური სახელმწიფო ნომრებით მოძრავი მსუბუქი მანქანები შეამჩნიეს, რომელზეც ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის დროშა იყო გამოსახული.
"დეოკუპეიშენ.ჯი" დაუკავშირდა "კარფურის" ფილიალს ისთ ფოინთში და საკითხის გარკვევა ცხელ ხაზზე სცადა, თუმცა, ოპერატორმა გვიპასუხა, რომ ამ საკითხის გარკვევა მხოლოდ სათავო ოფიში ან ცენტრალური მარკეტინგის მენეჯერებისთვის ელექტრონული შეკითხვის გაგზავნით შეიძლებოდა. როცა ფილიალის მორიგე მენეჯერთან გასაუბრება მოვითხოვეთ, ოპერატორმა გვითხრა, რომ ნომერს ჩაინიშნავდა და მენეჯერი თავად დაგვიკავშირდებოდა, თუმცა, ამ დრომდე "კარფურიდან" ზარი არ შემოსულა.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდული არ არის, შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, მისი სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მოხვდეს აფხაზეთის რეგიონიდან საქართველოს ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის, საკუთარი ავტომანქანითაც, თუმცა, არაღიარებული სახელმწიფო ემბლემის გამო, საქართველოს შესაბამის სამსახურებს კანონი აძლევს უფლებას, ავტომანქანას მოძრაობის გაგრძელება აუკრძალონ, ხოლო ნივთი, რომელზეც ეს ემბლემაა გამოსახული, კონფისკაციას დაუქვემდებარონ.