ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები მოქალაქეებთან ერთად ახალ წელს საოკუპაციო ზოლთან შეხვდნენ (ვიდეო)

ძალა ერთობაშია 2018-01-01 19:30:09 ნახვები 1686

ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია" ახალი, 2018 წლის დადგომას საოკუპაციო ზოლთან, ოკუპირებული შიდა ქართლის სოფელ ყარაფილის გადასახვევთან, ავტობანზე შეხვდა.

აქვე გაიმართა ტრადიციული აქცია "ფრთხილად, 400 მეტრში რუსი ოკუპანტია!". აქციის წინასწარ დაანონსების შემდეგ საოკუპაციო ზოლზე ახალი წლის შეხვედრის სურვილი მოქალაქეებმაც გამოთქვეს. მანქანების კოლონა თბილისიდან დაახლოებით 22:45 წუთზე გავიდა.

აქციას შეუერთდა ირაკლი წერეთელი, ყარაფილასთან მივიდნენ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლები. ორჭოსნის საოკუპაციო ბაზის პირდაპირ, გორაკზე, აქციის მონაწილეებმა ფეიერვერკიც მოაწყვეს და ერთმანეთს ახალი წლის დადგომა მიულოცეს.

ავტობანის საწინააღმდეგო მიმართულებიდან აქციის მსვლელობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებიც აკვირდებოდნენ, რომლებსაც „ძალა ერთობაშია" გაესაუბრა.

აქცია 1 და 2 იანვარსაც გაიმართება და შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება.

ფოტოები ადგილზე "შალიკა სტუდიოს" დამფუძნებელმა, ფოტოგრაფმა დათო შალიკაშვილმა გადაიღო. 

დატოვე კომენტარი