ცხინვალის ხელისუფლება 17 იანვრამდე ახალგორთან ახლოს "საბაჟო-სასაზღვრო პუნქტის" გახსნას აპირებს

ლაშა ბერულავა 2018-01-10 02:32:07 ნახვები 1483

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საბაჟო სამსახური 17 იანვრამდე აპირებს სოფელ მოსაბრუნთან გახსნას საბაჟო პუნქტი, სადაც რუს სამხედროებთან და ცხინვალის ხელისუფლების ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად მებაჟეებიც განთავსდებიან. 

ცხინვალის თვითგამოცხადებული რეჟიმის ტოპონიმიკით, სოფელ მოსაბრუნს რაზდახანი ჰქვია. საუბარია სოფელ მოსაბრუნზე, რომელიც ახალგორის მუნიციპალიტეტში შედის და ახალგორიდან 3 კმ-ში, ხოლო უახლოესი რკინიგზის სადგურიდან (ქსანი) 22 კმ.-ში მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სოფელი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 

ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნის საკითხი სამშაბათს, ცხინვალის ხელისუფლების მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს. ე.წ. საბაჟოს წარმომადგენლის განცხადებით, უკვე დამონტაჟებულია ვაგონ-კონტეინერები, სადაც ადგილს დაიკავებენ მებაჟეები. მათ ახალგორში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შესული ტვირთის გაკონტროლება დაევალებათ.

დატოვე კომენტარი