ქვედის (კოზის) ტბასთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დააზიანეს

ლაშა ბერულავა 2018-01-25 00:03:50 ნახვები 2118

ჯავასთან ახლოს, ქვედის (სამხ.ოსეთის ტოპონიმიკით კოზის) ტბის მიმდებარედ, რუსი ოკუპანტებისა და ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლების მიერ დამონტაჟებული უკანონო ბანერი დააზიანეს.

ამის შესახებ თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც "დეოკუპეიშენ.ჯიმ" მოიპოვა.

შეგახსენებთ, ქვედის (კოზის) ტბა ჯავის მახლობლად მდებარეობს, თუმცა, საქართველოსა და ცივილიზებული მსოფლიოს მიერ აღიარებული საზღვრებისა და ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და რუსი ოკუპანტები ამ სტატუს-ქვოს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ კოზის ტბა ჯავის რაიონს ეკუთვნის.

"2017 წლის ნოემბერში კოზის ტბის ზონაში, ძაუს (ოსური ტოპონიმიკით ასე ჰქვია ჯავას, - ლ.ბ.) რაიონში, სასაზღვრო ზონის შესასვლელთან საინფორმაციო ნიშანი დააზიანეს. პირები, რომლებმაც ეს ქმედება ჩაიდინეს, დადგენილია და მათ დაეკისრათ ჯარიმის გადახდა საინფორმაციო ნიშნის საფასურის ოდენობით, რამაც 10.500 რუბლი (დაახლოებით 420 ლარი,-ლ.ბ.) შეადგინა", - ნათქვამია ე.წ. უშიშროების კომიტეტის ანგარიშში. 

"დეოკუპეიშენ.ჯის" ინფორმაციით, სინამდვილეა ბანერის დაზიანების ფაქტი, თუმცა პირები, ვინც უკანონო ბანერი დააზიანა, ვერც დაადგინეს და ვერც დააჯარიმეს, რადგან მათ ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინფორმაციის გავრცელება თითქოსდა "დამნაშავეთა" დადგენის შესახებ პროპაგანდისტული მიზნითაა გავრცელებული, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ "შესაბამის ორგანოებს" ვერაფერი გამოეპარება. 

ამასთან, ე.წ. უშიშროების კომიტეტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსდა 63 გამაფრთხილებელი და 83 საინფორმაციო ბანერი. 

დატოვე კომენტარი