რუს სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადაზე სსრკ-ს დროშისა და ჰიმნის გამოყენება სურთ

ლაშა ბერულავა 2018-01-27 02:28:35 ნახვები 1895

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მიღმა დატოვა, ხოლო იმ სპორტსმენებს, ვინც დოპინგის გამოყენებაში არაა შემჩნეული, ნეიტრალური დროშით გამოსვლის უფლება დართო, სპორტსმენებსა და გულშემატკივრებში განიხილება ოლიმპიადაზე სსრკ-ს დროშითა და ჰიმნით წარდგომის პერსპექტივა. 

სსრკ-ს დროშის გამოყენება ფხენჩხანში (სამხ.კორეის ქალაქი, სადაც 2018 წლის 3-19 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშები ტარდება) რუს სპორტსმენებს გულშემატკივართა და ვეტერან სპორტსმენთა ჯგუფმა შესთავაზა იმ მოტივით, რომ სსრკ-სა და რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ჰიმნის მელოდია იდენტურია. 

ამავდროულად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იმ ღონისძიებების ნუსხა გამოაქვეყნა, რაც რუსეთის სახელმწიფო სიმბოლოების აკრძალვას უკავშირდება. სანქციის მიხედვით, სპორტსმენებს რუსეთიდან ეკრძალებათ სპორტულ ტანსაცმელზე რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკის აღმნიშვნელი გამოსახულების ტარება, თანმხლებ პირებს კი ასევე, პოლიტიკური, კომერციული, რასობრივი ან სხვა სახის პროპაგანდა სპორტულ ტანსაცმელზე, მოწყობილობაზე ან აქსესუარზე. 

სანქცია ითვალისწინებს ოლიმპიური ობიექტების მიმდებარედ სახელმწიფო სიმბოლოებით გაწყობილი სპორული ტანსაცმლის - ნაკრების ფორმების გაყიდვის აკრძალვასაც. 

შეგახსენებთ, სეოკმა რუსეთის ნაკრებისთვის სანქციები 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით შემოიღო. 

დატოვე კომენტარი