ხურვალეთში, საგალობლის შესრულებისას, რუსი ოკუპანტების პატრული გამოჩნდა

2018-02-04 01:53:07 ნახვები 1178

საპატრიარქოს მგალობელთა გუნდ "სამების" მიერ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლიდან დაახლოებით 20 მეტრში, "შენ ხარ ვენახის" შესრულების დროს, რუს ოკუპანტთა საპატრულო ჯგუფი გამოჩნდა, რომლებმაც მავთულხლართთან გაიარეს. 

სოფელი ხურვალეთი გაყოფილია და სოფლის ბოლოს საკმაოდ მოზრდილ ტერიტორიაზე, ღობეების გაყოლებით, რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები გაავლეს. მავთულხლართებიდან 20-30 მეტრში სალოცავია, სადაც ადგილობრივები ხშირად იკრიბებიან. სწორედ აქ შეასრულა საგალობელი "სამებამ". 

როგორც ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ლუდა სალია ამბობს, "სამება" ხურვალეთში მოხუცთა მოსანახულებლად და გასამხნევებლად მივიდა, თან საჩუქრებიც მიუტანა. ამის შემდეგ ადმინისტრაციის წინადადებით, ისინი საოკუპაციო ზოლთან უშუალო სიახლოვეს გავიდნენ და რამდენიმე საგალობელი, ასევე, სიმღერები შეასრულეს. 

შეგახსენებთ, ეს ის სოფელია, საიდანაც რუსმა ოკუპანტებმა 2017 წლის ბოლოს, დეკემბერში, ადგილობრივი ლალი ხაჩირაშვილი გაიტაცეს და ორი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც "დეოკუპეიშენ.ჯიმ" გაარკვია, ლალი ხაჩირაშვილი, რომელიც გატაცების მომენტში საკუთარი სახლის უკან, ეზოში იმყოფებოდა, გადატანილი სტრესის ნიადაგზე, შინ დაბრუნების შემდეგ შეუძლოდ გახდა და ქვემწვავე წინაინფარქტული მდგომარება დაუდგინდა.

დატოვე კომენტარი