ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შეცვლას და მარიონეტებთან პირდაპირ დიალოგს აანონსებს

ძალა ერთობაშია 2018-02-06 02:18:22 ნახვები 4282

ანალიტიკოსი დავით ბატაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ კვირიკაშვილის მიერ "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციასთან შეხვედრის დროს, 2017 წლის დეკემბერში გაჟღერებული ინიციატივები განხორციელდება, ეს იქნება "ყველაზე მასშტაბური მავნებლობა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც კი ნებისმიერ ქართულ მთავრობას ჩაუდენია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში".

საუბარია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის შეცვლაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებთან პირდაპირ დიალოგზე, რასაც დაჟინებით სთხოვდა რუსეთი წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. 

გიორგი კვირიკაშვილი ამ საკითხზე წინა ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო ფორმატში უნდა ველაპარაკოთ რუსეთს და არა მარიონეტულ რეჟიმებს, "მძიმე მემკვიდრეობას" და "ბორკილებს" უწოდებს და ამბობს, რომ ამ ბორკილებისგან გათავისუფლებაა საჭირო, რადგან "კონფლიქტურ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგის გარეშე არცერთი ასეთი კონფლიქტი არ გადაწყვეტილა."

კერძოდ, დავით ბატაშვილი, აღწერს რა 2017 წლის შეხვედრას პრემიერსა და "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის წევრებს შორის, წერს:

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტში ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს, გააკეთა შემდეგი შინაარსის განცხადება:

- ახლანდელი მდგომარეობა, როცა საქართველოსთან კონფლიქტის მეორე მხარედ მიჩნეულია მხოლოდ რუსეთი და არა მისი სოხუმ-ცხინვალელი მარიონეტები არის წინა ხელისუფლებისგან შემორჩენილი მძიმე და უსიამოვნო მემკვიდრეობა.

- კვირიკაშვილის მთავრობა არ იზიარებს ამ მემკვიდრეობას და აპირებს მის მოსპობას რუსეთის მარიონეტებთან "პირდაპირი დიალოგის" დაწყების გზით.

- "კონფლიქტურ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგის გარეშე არცერთი ასეთი კონფლიქტი არ გადაწყვეტილა."

- პირველი ნაბიჯები რუსეთის მარიონეტულ რეჟიმებთან "პირდაპირი დიალოგისკენ" გაკეთდება ოკუპაციის შესახებ კანონში მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილების მეშვეობით.

- მართალია რუსეთის მარიონეტებთან დიალოგის დაწყებას აფერხებს "ბორკილები", წინა ხელისუფლების დატოვებული ზემოხსენებული მემკვიდრეობის სახით, მთავრობის "განწყობა არის ის რომ... არავითარ შემთხვევაში არ ჩავიკეტოთ იმ ბორკილებში".

ეს განცხადება კვირიკაშვილმა გააკეთა 20 დეკემბერს, "პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო ფრაქციასთან შეხვედრაზე. შეხვედრის დროს ამ თემაზე გაკეთებული განცხადებების ზუსტი ციტატები, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით:

გიორგი ლომია ("პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი): "რატომ არ იწყებთ დიალოგს აფხაზებთან, ოსებთან, რუსებთან?"

ადა მარშანია: "პირდაპირი დიალოგის გარეშე შეუძლებელია, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან საუბრის გარეშე იქ რამე პატარა პოზიტივის მიღწევაც კი. ამაში რამდენი წელი უნდა დავრწმუნდეთ მე არ ვიცი. და ნუთუ ჩვენ ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ ამდენი წელი რომ ჟენევის ფორმატი არ არის საკმარისი და არ არის ეს ფორმატი მიმართული იმისათვის რომ გლობალურად რამე შეიცვალოს. იგივეს ვიტყვი კარასინ-აბაშიძის ფორმატზე..."

გიორგი კვირიკაშვილი: "რამდენიმე შეკითხვა დაისვა ამ მიმართულებით, ქალბატონმა ადამაც ისაუბრა, და ნამდვილად გვაქვს სათქმელი და მოგახსენებთ უფრო დაწყვრილებით."

გიორგი კვირიკაშვილი: "რაც შეეხება აფხაზებთან, ოსებთან, მათ შორის რუსებთანაც პირდაპირ დიალოგს, მინდა გითხრათ რომ ეს არის ურთულესი საკითხი, ესეც არის ერთერთი საკითხი, სხვათაშორის, რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობა მიღებული - სტერეოტიპების, შეხედულებების და მიდგომების ჩამოყალიბებული სისტემა, რომლის იოტისოდენა დარღვევაც კი ლამის ქვეყნის ღალატად ირაცხება ჩვენი აი ამ ეგრეთწოდებული ოპოზიციის მიერ, რომელთანაც მქონდა სიამოვნება შეხვედრის დღეს.

მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენ არ გვაქვს იგივე მიდგომა [რაც ოპოზიციას]. სწორედ ამაში დარწმუნდებით, როდესაც ჩვენ შემოვიტანთ ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებას, რომელიც ახალი პაკეტით არის გათვალისწინებული - სავაჭრო მექანიზმების განახლების შესახებ, და თანდათანობით, და აბსოლუტურად გეთანხმებით რომ კონფლიქტურ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგის გარეშე არცერთი ასეთი კონფლიქტი არ გადაწყვეტილა...

და ალბათ ეს თანდათანობითი პროცესი იქნება, ჩვენ გვინდა რომ საზოგადოებრივი წარმომადგენლობის დიალოგებით დავიწყოთ, ვნახოთ როგორ წარიმართება ეს პროცესი, მთავარი არის ერთი რამ: ჩვენი განწყობა არის ის, რომ ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. და არავითარ შემთხვევაში არ ჩავიკეტოთ იმ ბორკილებში, რომელიც არის წარმოდგენილი აი ამ პოლიტიკური ძალის მიერ [ოპოზიცია], რომელმაც მემკვიდრეობა დატოვა, ეს უმძიმესი პრობლემა."

ირმა ინაშვილი: "სხვათაშორის, ბატონო გიორგი, არ დაგიკარგავთ იმასაც, რომ დღეს თქვენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირეთ ზუსტად ის პოზიცია რასაც ჩვენ ვითხოვდით თქვენგან. და თქვენ, მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ერთერთი ლიდერი ბრძანდებით თუ წევრი "პატრიოტთა ალიანსის", ჩვენი ფრაქციის - ისე საუბრობდით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალზე, სოხუმზე."

კვირიკაშვილის განცხადების ვიდეოჩანაწერი აქვე შეგიძლიათ იხილოთ.

თუ ხელისუფლებამ რეალურად გააკეთა ის, რასაც კვირიკაშვილი ამ განცხადებაში გვპირდება, ეს შეიძლება გახდეს ერთერთი ყველაზე მასშტაბური მავნებლობა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც კი ნებისმიერ ქართულ მთავრობას ჩაუდენია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში..."

დატოვე კომენტარი