დავით ქაცარავა: ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რუსულ ტვირთებს არ გავატარებთ

ლაშა ბერულავა 2018-02-14 02:06:13 ნახვები 522

"ჩვენი რესურსითა და ყველა კანონიერი ფორმით შევეწინააღმდეგებით გზის გახსნას რუსეთის ტვირთებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით", - ამის შესახებ მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ქაცარავამ ბრიფინგზე მოძრაობის აქტივისტების მიერ გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ფაქტების ანალიზის საფუძველზე, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება გეგმავს როკის გვირაბიდან ოკუპირებული სამაჩაბლოს გავლით, შემდეგ კი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით რუსეთის ტვირთების გატარებას, რაც 2011 წელს დადებული შეთანხმებით იქნება ახსნილი.

თუმცა, დავით ქაცარავას თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ 2011 წლის შეთანხმებაში დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ცვლილებებია შესული რუსეთისა და ცხინვალის რეჟიმის სასარგებლოდ და ამის ეჭვს ამყარებს 2011 წელს შერჩეულ შვეიცარულ კერძო ფირმასთან ქართული მხარის მიერ ხელმოწერილი კონტრაქტის გასაიდუმლოება. ამ კონტრაქტზე რუსულ მხარეს, ჯერჯერობით, ხელი არ მოუწერია:

"ოფიციალურ მხარეებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი რეჟიმების აღიარება, მათი ნებისმიერი შტამპი ან ბეჭედი დოკუმენტაციაში, თუ ასეთი რამ იქნება, იქნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელყოფა და "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის უგულებელყოფა, რასაც არ დავუშვებთ და შევეწინააღმდეგებით, ამავე დროს, საზოგადოებას მაქსიმალური ჩართულობისკენ მოვუწოდებთ", - განაცხადა დავით ქაცარავამ.

"ძალა ერთობაშიას" ლიდერმა ის ფაქტების ერთობლიობაც დაასახელა, რაც მათ ეჭვს გზის შესაძლო გახსნის თაობაზე ამყარებს:

1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ მოსაბრუნთან 17 იანვარს გაიხსნა ე.წ. საბაჟო გამშვები პუნქტი ფიზიკური პირებისთვის.

2. სოფელ ზემო ნიქოზში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაიგო მისასვლელი გზის მონაკვეთი, რომელიც გათვლილია მძიმე ტვირთების გასატარებლად. პარალელურ რეჟიმში იგივენაირი გზა შენდებოდა ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდანაც.

3. ცხინვალის სამხრეთ ნაწილში, ერგნეთის ყოფილი ბაზრობის მხარეს დღედღეზე სრულდება დიდი საბაჟო ტერმინალის მშენებლობა.

4. ერგნეთში, სადაც მოსახლეობას მჭირდო ნათესაური კავშირები აქვთ შენარჩუნებული ცხინვალში დარჩენილ მოსახლეობასთან, რამოდენიმე კვირაა ღიად იხილება ოკუპირებული მხრიდან შემოსული ინფრომაცია „მარტის დასაწყისიდან ისევ ერთად ყოფნის“ შესახებ.

5. ასევე ჩვენთვის სანდო წყაროდან გახდა ცნობილი, რომ შესაძლებელია გზის გახნის მიზეზად მთავრობამ გამოიყენოს ლარსის მხრიდან ჩამოწოლილი ზვავის მიზეზით გადაკეტილი გზა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს სახელით გვინდა გაცნობოთ, რომ კანონით გათვალისწინებული და დაშვებული ყველა მეთოდით წინ აღვუდგებით ასეთი კაპიტულანტური პოლიტიკის და რუსეთის ინტერესების გატარებას.

ამასთან, მოვუწოდებთ საზოგადოებას აქტიურად დაგვიჭირონ მხარი და ჩევნთან ერთად არ დაუშვან საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხელყოფა.

დატოვე კომენტარი