საქართველოში რუსული ორგანიზაციები გააქტიურდნენ

ლაშა ბერულავა 2018-02-18 11:10:20 ნახვები 11047

ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ რუსული ეთნოსის წარმომადგენლებს აერთიანებენ, პოლიტიკურად გააქტიურდნენ. როგორც მათი აქტივობიდან ჩანს, უახლოეს პერიოდში საქართველოში მცხოვრები თანამემამულეების უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოსვლები გამორიცხული არ არის. 

ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციას "საქართველოს რუს ახალგაზრდათა კავშირი"(Союз русской молодежи Грузии) "ფეისბუქზე" გვერდი აქვს გახსნილი და არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აქტიურობს. გვერდი მოსწონს 1000-ზე მეტ მომხმარებელს, ხოლო ინფორმაციის განყოფილებაში, სადაც ორგანიზაცია თავის მისიას და ხელმძღვანელობას ასახელებს, კავშირის თავმჯდომარედ ალექსანდრე ბეჟენცევი, მოადგილედ კი ალექსანდრე მირიმანოვი არიან მითითებული.

ბოლო აქტივობაში გვერდზე აღნიშნულია, რომ კავშირმა საპროტესტო წერილით მიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო მეორე უცხო ენის სწავლების გაუქმების შემდეგ 6 ათასამდე რუსულის მასწავლებელს სამსახურიდან წასვლა მოუწევდა.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, განათლების სამინისტროდან მოვიდა პასუხი, რომ მეორე უცხო ენის სავალდებულოდ შესწავლის პრაქტიკა საჯარო სკოლებში არ გაუქმებულა და მომავალშიც გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჯარო სკოლაში ერთი სავალდებულო უცხო ენა ინგლისურია, რომელსაც მოსწავლეები პირველი კლასიდანვე სწავლობენ. მეხუთეკლასელებს უკვე თავად ეძლევათ შეთავაზება, კიდევ დამატებით შეთავაზებული ორი უცხო ენიდან ერთი აირჩიონ, რომელსაც ასევე, სავალდებულო წესით ისწავლიან.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის საჯარო სკოლებში დღესდღეობით 6 ათასზე მეტი რუსული ენის, ხოლო ათასამდე - ფრანგულისა და გერმანულის მასწავლებელია, უნდა ვივარაუდოთ, რომ სკოლების უმრავლესობაში მეორე ერთ-ერთ უცხო ენად რუსულს სთავაზობენ, ხოლო მოსწავლეები სწორედ რუსულს ირჩევენ. 

საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმედ, რუსეთის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებს შორისაა "საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაცია", რომლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ამ ორგანიზაციაში შემავალი სხვადასხვა გაერთიანებების სია, რომლებიც საქართველოს დედაქალაქის გარდა სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად, გორში, სენაკსა და ფოთში მოქმედებენ. 

ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 7 დეკემბერს საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციაში, შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით (2008 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია) გაიმართა მესამე კონფერენცია, სადაც ახალი პრეზიდიუმი აირჩიეს და ახალი გაერთიანებები ორგანიზაციაში გააწევრიანეს.

ორგანიზაციაში, მაგალითად, შედიან: 

რუს თანამემამულეთა კავშირი სენაკში, ქართულ-რუსული ურთიერთკავშირის ასოციაცია აჭარაში, მრავალეროვანი საქართველოს კაზაკთა საზოგადოების საქველმოქმედო სოციალურ-ეკონომიკური საერთაშორისო ცენტრი, საქართველოში რუს თანამემულეთა სამართლებრივი დაცვის ცენტრი, საქართველოში რუსი ქალების ცენტრი "იაროსლავნა", რუსულენოვანი კულტურის ცენტრი "ჟემჩუჟინა" მარნეულში, საქართველოს სლავ ხალხთა ნაციონალური კონგრესი, აჭარაში რუს თანამემამულეთა კავშირი, რუსულენოვან მოქალაქეთა კავშირი "სპექტრი" გორში, საქართველოს კაზაკთა გაერთიანება, რუსული საზოგადოება "როდნიკი" რუსთავში, ფოთში მცხოვრებ რუს თანამემამულეთა საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ცენტრი "რუს", ჟიული შარტავას სახელობის რუს თანამოქალაქეთა სოციალურ-კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი რუსთავში, საერთაშორისო ჰუმანიტარული და საქველმოქმედო ცენტრი "ნადეჟდა" თბილისში, საერთაშორისო კავშირი - რუსული ერთობა "სოოტეჩესტვენნიკი" ქუთაისში და სხვა. სულ სიაში 21 ორგანიზაციაა.

დატოვე კომენტარი