დავით ქაცარავა აქციაზე: ყრუები არიან ზემოთ!

ძალა ერთობაშია 2018-02-25 19:51:36 ნახვები 2842

"ყრუები არიან ზემოთ! სწორედ იმიტომ მოკლეს არჩილი, რომ შეემოწმებინათ, რისი ტრ**ი გვაქვს და რა შეგვიძლია, ჩვენ კი აქ ერთმანეთს ვეჭიდავებით, რომ თურმე გზის სავალ ნაწილზე არ უნდა გადავიდეთ, თორემ დამაკავებენ... ეს არის პასუხი? ეს არის ღირსეული ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების პასუხი რუს ოკუპანტებს?",

- მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ლიდერმა დავით ქაცარავამ ასე პოლიციელებს მას შემდეგ მიმართა, რაც მას ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად თბილისი-გუდაური-კობის მიმართულებით გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. 

"კანონი ირღვევა ყოველდღე, რუსი ოკუპანტები გადმოდიან, როცა უნდათ, იტაცებენ, ვისაც უნდათ და თქვენ აქ მე მემუქრებით დაკავებით... ჩემზე კარგად იცით, რამდენი პოლიციელი, რამდენი სპეცრაზმელია მოკლული ამ ბოლო წლებში. იცით, რადგანაც, შესაძლოა, ზოგი მათგანი თქვენი მეგობარიც იყო. და მაინც, თურმე ჩვენ ვარღვევთ კანონს?", - მიმართა ქაცარავამ პოლიციელებს.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, საქართველოს ორ მოქალაქესთან ერთად, რუსმა ოკუპანტებმა ახალგორთან დააკავეს. 23 თებერვალს დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ არჩილ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ მიუღია, ოსურმა მხარემ კი უარი თქვა, ექსპერტიზის ჩატარების საშუალება მიეცა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთვის. 

ტატუნაშვილის ახლობლებმა და ნათესავებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციამ "ძალა ერთობაშია" 24 თებერვალს ერგნეთთან აქცია გამართეს და ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემა მოითხოვეს. ამ მოთხოვნით ისინი თბილისი-გუდაურის გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ, მაგრამ პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს. 

  

დატოვე კომენტარი