ქაცარავა: ტატუნაშვილი არათუ ნაწამებია, საკონტროლო გასროლით მოკლეს - ეს ფოტოები თავად გადავიღე

ლაშა ბერულავა 2018-04-06 10:06:57 ნახვები 16940

"რასაკვირველია, ჩვენი ექსპერტიზის პასუხს ველოდებით, მაგრამ აქედანვე მინდა ვთქვა, რომ არჩილ ტატუნაშვილი არამხოლოდ ნაწამებია, არამედ საკონტროლო გასროლითაა მოკლული. ვასაჯაროვებ ფოტოებს, რომლებიც თავად გადავუღე ცხედარს და სადაც კარგად ჩანს შუბლთან გამომავალი ჭრილობა, რომელიც კოსმეტიკურად არის დაფარული. შემავალი ჭრილობა კეფაში ჰქონდა, ყურსუკან", -

ამის შესახებ სახალხო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ მხარდამჭერებთან და ოკუპაციის თემით დაინტერესებულ სხვა მოქალაქეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომელიც კლუბ "ბენია 18-21-ში" ხუთშაბათს გაიმართა. 

დავით ქაცარავას თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაზიანებებთან დაკავშირებული მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ჯარისკაცს თითი ჰქონდა მოჭრილი, ცალკეულმა პირებმა დეზინფორმაციად მონათლეს, მაგრამ მის მიერ გადაღებულ ფოტოზე კარგად ჩანს მოჭრილი თითის ადგილას წამოცმული თეთრი მარლის ნაჭერი:

"ეს არის ოკუპანტებისა და ოსი ბოევიკების ცნობილი დამღა, რომელსაც ისინი ასვამენ ჯარისკაცებს. ასე იყო 2008 წელსაც, როცა ტყვედ ჩავარდნილი ჩვენი ჯარისკაცები გადმოგვცეს - ყველას საჩვენებელი თითი ჰქონდა მოჭრილი. ამის მიჩქმალვა არც გამოვა და არც დავუშვებთ, ამიტომ მინდა, ყველამ იცოდეს, რომ შესაბამისი მტკიცებულებებიც გვაქვს", - აღნიშნა დავით ქაცარავამ შეხვედრაზე. 

ის, რომ არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე უამრავი დაზიანება აქვს, მოკლული ჯარისკაცის დედამაც დაადასტურა. ტვ "იმედთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ სხეულზე ფაქტობრივად არ იყო დარჩენილი დაუზიანებელი ნაწილი, მისივე თქმით, არჩილ ტატუნაშვილს ხელებზეც წამების კვალი ეტყობოდა - თითები ერთიანად დალეწილი ჰქონდა. 

არჩილ ტატუნაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი, 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორში რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, შემდეგ კი ოს ბოევიკებთან ერთად აწამეს და მოკლეს. ოსური მხარე მთელი თვის განმავლობაში უარს ამბობდა ცხედრის გადმოცემაზე და მიზეზად ექსპერტიზის ჩატარებას ასახელებდა. საბოლოოდ, ოჯახს ცხედარი 20 მარტს გადასცეს, ხოლო 24 მარტს არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. 

რედაქცია ბოდიშს იხდის მძიმე ფოტოების გამოქვეყნებისთვის. ფოტოები ქვეყნდება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით.

ვიდეო ნახეთ აქ

დატოვე კომენტარი