დავით ქაცარავა: რამდენჯერაც ჩვენს მოქალაქეს გაიტაცებენ, იმდენჯერ რუსულ ტვირთებს არ გავატარებთ

ლაშა ბერულავა 2018-04-06 11:02:26 ნახვები 21571

"რამდენჯერაც რუსი ოკუპანტები ჩვენს მოქალაქეს გაიტაცებენ, იმდენჯერ ლარსის გზაზე გავალთ და გზას კი არ გადავკეტავთ, რუსულ ტვირთებს და ოსური ნომრებით მოძრავ მანქანებს არ გავატარებთ, სანამ გატაცებულს არ დააბრუნებენ", - ეს განცხადება მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ კლუბ "ბენია 18-21-ში", მხარდამჭერებთან და ოკუპაციის თემით დაინტერესებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას გააკეთა. 

დავით ქაცარავას განცხადებით, რუსი ოკუპანტები სწორედ იმიტომ თვითნებობენ, რომ საპროტესტო მუხტს ვერ ხედავენ:

"ისინი უკვე შეეჩვივნენ, რომ ჩვენ ჩუმად ვხვდებით მორიგ გატაცებას, ჩუმად ვიხდით ჯარიმას, ჩუმად ვუბრუნდებით ოჯახებს და არავინ არაფერზე არ რეაგირებს. ეს სურათი უნდა შეიცვალოს, ამიტომ ჩვენ ასეთი გეგმა გვაქვს: იმ შემთხვევაში, თუ რუსი ოკუპანტები გადაწყვეტენ, ახალგორი მთლიანად ჩაკეტონ და იქ შესვლა-გამოსვლა ეთნიკურად ქართველებს აუკრძალონ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს რომელიმე მოქალაქეს გაიტაცებენ, ჩვენი მოძრაობა მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნის ლარსის გზით საქართველოში შემოსულ რუსულ ტრაილერებს, ასევე, ამავე გზაზე მოძრავ მანქანებს, რომლებსაც ექნებათ ოსური სახელმწიფო ნომრის კოდი. ჩვენ მათ არ გავატარებთ და ვაიძულებთ გაბრუნდნენ, ან იდგნენ მანამ, სანამ გატაცებულს არ გაათავისუფლებენ", - თქვა დავით ქაცარავამ. 

იმის დასტურად, რომ ერთად დგომას დიდი ძალა აქვს, ქაცარავამ დამსწრეებს სოფელ აძვში მომხდარი შემთხვევა უამბო:

"არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვამდე ორი დღით ადრე აძვიდან ჩვენი ორი მოქალაქე გაიტაცეს - ტაძარში იყვნენ სალოცავად ასულები და წაიყვანეს. მომხდარიდან დაახლოებით ერთ საათში ადგილზე ჩავედით და იქ უამრავი ხალხი დაგვხვდა:

უამრავი პოლიციელი, დეტექტივები, ჟურნალისტები... მოგვიანებით, გატაცებულთა ოჯახებს გორის მერი შეხვდა. ასეთი რეაქციის შემდეგ მოხდა ის, რაც არ მომხდარა გატაცებების ამდენწლიან ისტორიაში: ჩვენი მოქალაქეები მეორე დღესვე გაათავისუფლეს, ასე რომ, ძალა ნამდვილად ერთობაშია", - აღნიშნა დავით ქაცარავამ. 

დატოვე კომენტარი