ლაშა ბერულავა: ყველაფერი მიანიშნებს, რომ რუსი ოკუპანტები გაზაფხულიდან გააქტიურდნენ

ძალა ერთობაშია 2018-04-06 11:18:14 ნახვები 1391

"ჩვენი პატრულირების დროს მოპოვებული მასალები, რომლებსაც ვავრცელებთ, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოკუპირებულ შიდა ქართლში მდებარე სამხედრო ბაზებზე რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ, რაც მალე, შესაძლოა, გატაცებების ახალ ტალღაში, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებასა და ახალგორის საბოლოოდ ჩაკეტვაში აისახოს", - ამის შესახებ მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" კოორდინატორმა, ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ კლუბ "ბენია 18-21-ში" ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

შეხვედრაში მოძრაობის წევრები, მხარდამჭერები, ოკუპაციის თემით დაინტერესებული სხვა მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ლაშა ბერულავამ 2017 წლის ივლისიდან დღემდე პატრულირების სხვადასხვა ჯგუფის მიერ მოპოვებული ვიდეომასალები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ რუს ოკუპანტებს სწორედ სამოქალაქო აქტივობა უქმნის დისკომფორტს:

"იმ დასკვნამდე მივედით, რომ ავტომატიანების გამოჩენაზე მეტად რუს ოკუპანტებს სწორედ ვიდეოკამერებით, ბინოკლებითა და ფოტოაპარატებით აღჭურვილი მობილური ჯგუფების პატრულირება უქმნით დისკომფორტს. ავტომატით, ანუ ძალით მათ ჩვენ ჯერ ვერ მოვერევით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რამდენჯერაც ჩვენი ჯგუფი მათ პატრულს გადაეყარა, იმდენჯერ თავჩაქინდრულებმა გაიარეს და ცდილობდნენ, კადრში სახე არ მოეხვედრებინათ. ეს ბუნებრივიცაა: ოკუპანტმა იცის, რომ ოკუპანტია და რომ ჩვენს მიწაზეა, ის დემორალიზებულია და ცხადია, ხელს არ აძლევს ოკუპანტის სტატუსით დაფიქსირება", - თქვა ლაშა ბერულავამ. 

მისი თქმით, "ძალა ერთობაშია" პატრულირების არეალის გაფართოებას გეგმავს და ეს იმ ახალი წევრების დამსახურებაა, რომლებიც მობილური ჯგუფების გადაადგილებაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ. შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, რომ "ძალა ერთობაშია" რამდენიმე დღის წინ ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მხარდამჭერებს შეხვდა, რომლებმაც პატრულირებაში მონაწილეობის მიღებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. 

დატოვე კომენტარი