ოკუპაციური რეალობები: ის, რაც შესაძლოა, არ იცოდეთ

ლაშა ბერულავა 2018-04-29 10:59:35 ნახვები 1473

2008 წლის აგვისტოში რუსმა ოკუპანტებმა პირწმინდად გაძარცვეს სენაკის სამხედრო ბაზა. მაცივრებიდან გაზიდეს წვენები, ხორცპროდუქტები, ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა, საშხაპეებიდან წაიღეს უნიტაზები, ხოლო მას შემდეგ, რაც მიხვდნენ, უზარმაზარ მაცივრებს, სადაც ხორცი ინახებოდა, მთლიანად მაინც ვერ დაცლიდნენ, მაცივრების კაბელები გადაჭრეს, კარები კი განგებ დატოვეს ღია, რომ პროდუქტი გაფუჭებულიყო.

ოკუპირებულ შიდა ქართლში სულ 20 საოკუპაციო ბაზა მდებარეობს, ოკუპირებულ აფხაზეთში - 30-ზე მეტი. 

ცხინვალში მდებარე, შიდა ქართლის ოკუპირებულ რეგიონში მდებარე ყველაზე დიდი რუსული საოკუპაციო ბაზიდან თბილისში მდებარე პრეზიდენტის სასახლემდე 92 კილომეტრია.

შიდა ქართლში მდებარე საოკუპაციო ბაზების უდიდეს ნაწილს ელექტროენერგია ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ქვესადგურებიდან მიეწოდება. 

2016 წელს რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ შიდა ქართლში 134, ხოლო 2017 წელს 216 საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. ოკუპირებულ აფხაზეთში 2016 წელს 193, 2017 წელს კი 52 მოქალაქე გაიტაცეს. 

პირველი, 1 კმ-მდე სიგრძის მავთულხლართი გორის რაიონის სოფელ დიდ ხურვალეთში, 2011 წლის შემოდგომაზე გაევლო. შემდეგ კი, ეს პროცესი გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზში გაგრძელდა, სადაც 3 კმ-დე სიგრძის მავთულხლართი დაინსტალირდა. ე.წ. ბორდერიზაციამ ყველაზე მასშტაბური სახე 2013 წელს მიიღო. 

ოკუპაციის დღევანდელი რეალობა მხოლოდ შიდა ქართლში ასეთია: 350 კმ-ზე მეტი სიგრძის საოკუპაციო ხაზი, დაახლოებით 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეები, მთავარ მაგისტრალამადე დარჩენილი დაახლოებით 300 მეტრი, ე.წ. საზღვრის მიღმა მოხვედრილი ბაქო-სუფსას მილსადენი და ადგილობრივი მოსახლეობის კერძო საკუთრება.

 

დატოვე კომენტარი