გახშირებული გატაცებების გამო ანტიოკუპაციური მოძრაობა რუსული ტვირთების 24-საათიან ბლოკირებას იწყებს

ლაშა ბერულავა 2018-04-22 18:13:24 ნახვები 4046

რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების გახშირებასთან დაკავშირებით ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ნატახტარი-ლარსის გზის მონაკვეთზე რუსული ტვირთებისა და რუსულნომრიანი მანქანების 24-საათიან ბლოკირებას იწყებს. 

ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა. ბოლო გატაცება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერედან გუშინ მოხდა, როცა საღამოს საათებში ქერეს მკვიდრი აკაკი მისირელი დააკავეს. მხოლოდ აპრილის 22 დღის განმავლობაში მისირელი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ზოლიდან გატაცებული მეხუთე მოქალაქეა. 

"ჩემო მეგობრებო!!!!
მიგეხსენებათ, სოფელ ქერედან გუშინ საღამოს გატაცებულ იქნა ადგილობრივი მაცხოვრებელი აკაკი მისირელი!
გატაცების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ დღეს, დილის 11საათზე!
ჩვენ, ანტსაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია“ ვგეგმავთ დღეიდან, საღამოს 21.00 საათიდან, ხვალ საღამოს 21.00 მდე, შევუქმნათ დაბრკოლება რუსულ ნომრიან მანქანებს ლარსი-თბილისის მონაკვეთზე!!!
შეკრების ადგილი გახლავთ აღმაშენებლის ხეივანში ნიკორას მარკეტთან მდებარე პარკინგიდან!!!!შეკრების დრო 20.00-20.45
შემოგვიერთდით და ერთად შევეწინააღმდეგოთ რუსულ ოკუპაციას!!!!
გთხოვთ, შეძლებისდაგვარად იქონიეთ საქართველოს სახელმწიფო დროშები

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! ძალა ერთობაშია!", - წერს დავით ქაცარავა. 

შეკრების დეტალების შესახებ ჯგუფში "ძალა ერთობაშია" ასევე გამოქვეყნდა დეტალური ინფორმაცია:

"მოკლედ, გადაწყდა 24-სათიანი ბლოკირება დღეს საღამოს 21:30-დან ორშაბათის 21:30-დე. თბილისში შეკრების ადგილი "ლიბრე", აღმაშენებლის ხეივანში, "ნიკორას" დიდი ჰიპერმარკეტი, 20:00-დან ვიკრიბებით, ვინც მაგ დროს ვერ მოვა, მოვა პირდაპირ ჭოპორტის გადასახვევთან, ეგეც ჟინვალი-ანანურის გზაზეა, უფრო მანამდე, სადაც ბოლოს ვიყავით.

თუ გატაცებულს გამოუშვებენ საღამომდე ან აქციის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში, აქცია მაინც გაგრძელდება დათქმული ვადის ამოწურვამდე, ანუ, ხვალ საღამომდე და ზოგადად, გახშირებულ გატაცებებს გავაპროტესტებთ.

p.s. - ბლოკირება შეეხება რუსული სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანებს და რუსულ ტვირთებს.
პოლიცია ხელს ვერ შეგვიშლის, რადგან მივმართავთ აბსოლუტურად კანონიერ მეთოდს, რომელიც უკვე გამოყენებული და აპრობირებული გვაქვს.

ამ ფორმის დეტალები აქციის მონაწილეებს ეცნობებათ ადგილზე", - აღნიშნულია "ძალა ერთობაშიას" ჯგუფში "ფეისბუქზე". 

დატოვე კომენტარი