ე.წ. გეორგიევსკის ლენტი - ზეიმის თუ ოკუპაციისა და შოვინიზმის სიმბოლო?

ლაშა ბერულავა 2018-05-02 10:34:35 ნახვები 1441

ბევრმა არ იცის, რომ ე.წ. გეორგიევსკის ლენტები, რომლითაც რუსეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ამა თუ იმ წლისთავს ზეიმობენ, 2006 წელს პუტინის დავალებით გახდა პროპაგანდის გავრცელების ახალი სიმბოლო და მას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო მეორე მსოფლიო ომთან.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ უკვე შეიტანა ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც იმ მოქალაქეებს, ვინც 9 მაისს უკრაინაში გეორგიევსკის ლენტებით გამოვა, მას ჩამოართმევენ და ცალკეულ შემთხვევებში, დააჯარიმებენ კიდეც.

როგორც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი განმარტავს, "ეს ლენტი იყო მოგონილი 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, როგორც ახალი სიმბოლიკის გავრცელების ერთ-ერთი მაგალითი.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს თუ რა ფერების კომბინაციაა ეს ნარინჯისფერი და შავი, ზოგჯერ ეს არის უფრო მოყვითალო, ზოგჯერ ფორთოხლისფერი და შავი. ეს არის რუსეთის იმპერიის დროშა, რომლის ქვეშაც არის მოკლული ათიათასობით ებრაელი.

როცა რუსეთს იმპერიაში ხდებოდა ებრაელთა მკვლელობები, ე.წ. შავი ასეულების მიერ, ეს იყო ამ დაჯგუფებების დროშა, დღესაც ამ დროშას იყენებენ აქტიურად რუსი მონარქისტები და მოფაშისტო ელემენტები.

ამ დროშის ქვეშ ახლაც ათასობით უკრაინელს კლავენ უკრაინაში, ამ დროშიც ქვეშ ხდება ყველა ნაციონალისტური პრობლემის წამოწევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ისეთმა ქვეყანამ, როგორიც ბელორუსია, დაიწყო ფიქრი საკანონმდებლო დონეზე, რომ ,,გეორგიევსკის“ სიმბოლო აიკრძალოს, მაგრამ ჩვენთან საქართველოში აქტიურად გამოჩნდა.

მინდა გითხრათ, რომ ბაბუაჩემი დაიღუპა პოლონეთის გათავისუფლების დროს და აქედან გამომდინარე, მეორე მსოფლიო ომის ტრაგედია ჩემი ოჯახის ტრაგედიაც არის უშუალოდ, ისევე როგორც ბევრი ოჯახის, მაგრამ ამ “გეორგიევსკის ლენტებს”, კიდევ ვამბობ, არაფერი საერთო აქვს მეორე მსოფლიო ომთან და ვერც ექნება. ბაბუაჩემს იმისათვსის არ უომია, რომ შემდეგ იმპერიის დროშიც ქვეშ უკრაინელები დაეხოცათ საკუთარ მიწაზე...", - წერს დიმიტრი შაშკინი.

"თუ ამ ბო*ურ ლენტს შენი მანქანიდან არ ჩამოხსნი... მომავალში პრეზერვატივის ნაცვლად აგურს მიიღებ“, - ამ ფრაზის შემცველ წარწერას ბათუმში 2014 წელს იმ რუსულნომრიანი მანქანების მძღოლებს უტოვებდნენ, რომლებსაც სალონში „გეორგიევსკის ბაფთა“ ჰქონდათ დამაგრებული.

ასევე 2014 წელს, ქობულეთში, მოხალისეთა ჯგუფმა რუსეთის სახელმწიფო ნომრებიან ავტომანქანაზე გარედან დამაგრებული "გეორგიევსკის ბაფთა" პრეზერვატივით შეცვალა და ფოტო გადაიღო.

მოხალისეთა ჯგუფთან ერთად ბათუმში, ქობულეთში, თბილისში, ასევე შავი ზღვის სხვა დასახლებულ პუნქტებში - განმუხურსა და ანაკლიაში ასე იქცევიან როგორც ჯგუფის წევრები, ასევე ცალკეული მოქალაქეები. უმეტეს შემთხვევაში საქმე კონფლიქტამდე არ მისულა.

"გეორგიევსკის ბაფთის" მოწინააღმდეგეები რუს ტურისტებს განუმარტავენ, რომ ბაფთა ამ შემთხვევაში ყირიმის მოვლენების შემდეგ გახდა აქტუალური და რუსული სამხედრო ძლიერების სიმბოლოა მათთვის, ვინც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიის - ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციას რუსეთის მხრიდან, ხოლო საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობისთვის მიუღებელია "გეორგიევსკის ბაფთებით" საქართველოს ქალაქებში გადაადგილება.

"გეორგიევსკის ბაფთებით" საქართველოში გადაადგილდებიან როგორც რუსი ტურისტები, ასევე ე.წ. "გამარჯვების გარბენის" მონაწილე რუსი ბაიკერები ბაიკერთა კლუბ "ღამის მგლებიდან". ეს პუტინთან დაახლოებული ბაიკერთა კლუბია, რომელსაც "ქირურგი", იგივე ალექსანდრე ზალდასტანოვი ხელმძღვანელობს.

რუს ბაიკერებს "ღამის მგლებიდან" არაერთხელ გამოუთქვამთ მზადყოფნა, დახმარებოდნენ ე.წ. მოხალისეებს დონეცკიდან და ლუგანსკიდან. ცნობილია ზალდასტანოვის განცხადებები თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მხარდასაჭერად. „ღამის მგლების“ წევრები ყირიმშიც იყვნენ ჩასული და ადგილობრივ, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას შესთავაზეს სახელმწიფო შენობების დაცვა იმ შემთხვევაში, თუ იქ უკრაინის არმია გამოჩნდებოდა. 

ცნობისთვის, „ღამის მგლების“ წევრები 2013 წელს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საქართველოშიც იმყოფებოდნენ. ზალდასტანოვმა მაშინ განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოვიდა და ეს მოწვევა პატრიარქის კიევში ვიზიტის დროს მიიღო, თუმცა საქართველოს საპატრიარქოდან ეს ინფორმაცია უარყვეს. ამავე დროს, ჩამოსული ბაიკერები „ქირურგის“ მეთაურობით პირადად მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

დატოვე კომენტარი