რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი 43 უღელტეხილიდან 23-ს რუსეთი აკონტროლებს

europress.ge 2018-06-24 16:55:04 ნახვები 4274

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი 43 უღელტეხილიდან, დღეის მდგომარეობით, 23-ს რუსეთი აკონტროლებს. მათი ნაწილი განლაგებულია როგორც ცხინვალის რეგიონის, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ გარდა ამისა, არის ისეთი უღელტეხილები, რომლებიც სულ მცირე სადავო ტერიტორიაზეა განლაგებული.

კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი  europress.ge – სთან საუბარში ამბობს, რომ მამისონის უღელტეხილს ორივე მხრიდან რუსეთი აკონტროლებს:

"საბჭოთა რუკების მიხედვით, მამისონი ადმინისტრაციული თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაა, თუმცა ამ ზონას არც საბჭოთა და არც შემდგომ, ფსევდო დამოუკიდებლობის პირობებში, სამხრეთ ოსეთის ოლქის ხელმძღვანელობა საერთოდ არ აკონტროლებდა, ის ყოველთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს ქვეშ იყო. მამისონის უღელტეხილზე ქართველებმა 20კმ-ით უკან დაიხიეს, გადმოწიეს საზღვარი.

როგორც ჩემთვის ცნობილია, რუსებმა მოითხოვეს ეს ტერიტორია, მაგრამ ეს იყო არა წერილობითი, არამედ, ზეპირი მოთხოვნა. 20კმ., რომელიც დღეს ქართულ და რუსულ პოსტებს შორის არის, არც ერთი მხარის მიერ არ კონტროლირდება, ნეიტრალურ ტერიტორიაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს სასაზღვრო საგუშაგომ დაიწია 20კმ.-ით უკან და ახლა სოფელ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას.

ცნობილი, ყბადაღებული ისტორია იყო ხევსურეთში სოფ. ნაძვებთან დაკავშირებით, როცა რუსებმა გადმოწიეს საზღვარი სოფლის სიღრმეში და სტრატეგიული სიმაღლე და სტრატეგიული მიმართულება დაიკავეს. საბჭოთა რუკების მიხედვით, ყაზბეგთანაც საზღვარი საქართველოს სიღრმეშია გადმოწეული და ის ადგილი, რომელიც ხელში ჩაიგდეს, სტრატეგიული მიმართულებებია, რომლითაც როგორც თუშეთისაკენ, ისე ხევსურეთისაკენ შეუძლიათ კომუნიკაციების კონტროლი".

წყარო: 

დატოვე კომენტარი