რა ხდება კოდაში და რატომ გადავიდნენ 24-საათიან პატრულირებაზე სამოქალაქო მონიტორები?

ძალა ერთობაშია 2018-06-30 20:50:24 ნახვები 596

ორი დღის წინ ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ, ორგანიზაციის წევრების ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაავრცელა განცხადება, რომ ქარელის რაიონის სოფელ კოდაში რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ.

ადგილზე ჩასულმა სამოქალაქო აქტივისტებმა კოდის ზედა მონაკვეთზე 2013 წელს გავლებული საოკუპაციო ღობის მიმდებარე ტერიტორია გადაიღეს, ღობის მიღმა რუსი ოკუპანტების პატრული დააფიქსირეს და ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ოკუპანტებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს. 

ხელისუფლებამ და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს. მათი თქმით, საოკუპაციო ზოლის კოდა-ჭვრინისის მონაკვეთზე 2013 წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა და ოკუპანტებს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი არ განუახლებიათ. 

რა ხდება სინამდვილეში და რამდენად საგანგაშოა სიტუაცია კოდა-ჭვრინისისა და კოდა-აბანოს მიმართულებაზე?

"ძალა ერთობაშიას" მიერ ინფორმაციის გავრცელებას წინ უძღოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის - გასიევის განცხადებები იმის თაობაზე, რომ "სამხრეთ ოსეთმა დაკარგული ტერიტორიები უნდა დაიბრუნოს". გასიევმა ასევე, განაცხადა, რომ "ტერიტორიები და, მათ შორის, ფასდაუდებელი საბადოები, რაღაც ჯადოქრობით, ქართულ მხარეს მოექცა და ეს უნდა გამოსწორდეს". 

გასიევს, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა სოფელ აბანოში მდებარე დოლომიტის საბადო, რომელიც საოკუპაციო ზოლიდან რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული. დოლომიტის საბადოზე მომპოვებელი სამუშაოები ამჟამად არ მიმდინარეობს, თუმცა, ამ კარიერიდან ამოღებული ლოდები ფართოდ გამოიყენება როგორც ნაპირსამაგრი მუშაობისთვის, ასევე მრეწველობაში.

მაგალითად, 1960-იან წლებში ამ კარიერზე ფართო სამუშაოები იყო გაჩაღებული და დოლომიტის ქვები რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას მიეწოდებოდა. ეს ქვები თუჯისა და ფოლადის წარმოებაში გამოიყენებოდა, ამას გარდა, სამუშაოები ორ ცვლაში მიმდინარეობდა და როგორც კოდა-აბანოს, ასევე ახლომდებარე სხვა სოფლების მოსახლეობაც იყო დასაქმებული. 

კოდელები ეჭვობენ, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას საოკუპაციო ზოლის ისე გადაკეთება სურს, რომ დოლომიტის კარიერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცეს. ასეთ შემთხვევაში საოკუპაციო ზოლს მიღმა აღმოჩნდება არამარტო კარიერი, არამედ კოდასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სოფელი მთლიანად მოწყდება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას. 

კონკრეტულად როდის დაიწყებენ დე ფაქტო ხელისუფლება და რუსი ოკუპანტები ხელახალ ბორდერიზაციას, ჯერ ცნობილი არ არის. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საშიშროება აქტუალურია, "ძალა ერთობაშიამ" მიიღო გადაწყვეტილება, კოდა-ჭვრინისის მონაკვეთზე 24-საათიანი პატრულირების რეჟიმზე გადავიდეს. დავით ქაცარავას თქმით, საჭიროა უსწრაფესი რეაგირება, როგორც კი ოკუპანტები ბორდერიზაციის განახლებას დააპირებენ, რაც ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, შეუძლებელია:

"თუ ადგილზე არ ვიქნებით, თბილისიდან ბორდერიზაციაზე რეაგირება დაგვიანდება, შესაბამისად, აღმოვჩნდებით ფაქტის წინაშე, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში. თუ ადგილზე ჩვენმა ჯგუფმა მშვიდობიანი პროტესტით ხელი არ შეუშალა ბორდერიზაციის დაწყებას და მხოლოდ მას შემდეგ ავტეხეთ ხმაური, რაც ახალ ღობეს გაავლებენ, ეს ხმაური არაფრისმომტანი იქნება. ამიტომ, ჩვენმა ჯგუფმა განიხილა და დაამტკიცა მოქმედების ახალი გეგმა - 24-სათიანი პატრულირება.

სამ-ოთხკაციანი ჯგუფი ყოველთვის იქნება ადგილზე, რომელსაც არ გამოეპარება, თუ ოკუპანტები რამეს დააპირებენ. სამოქალაქო პროტესტს იარაღს ვერ დაუპირისპირებენ - ჩაირთვება ლაივები, გადავიღებთ, არ მივცემთ პროვოკაციის საშუალებას, არ გადავალთ მათ მონიშნულ ტერიტორიაზე, მაგრამ გავაპროტესტებთ ყველა დასაშვები ფორმით, მერე კი ჩაერთვება მედია, ხელისუფლება, ჩვენი ქვეყნის მეგობარი ცივილიზებული ქვეყნები...

რასაკვირველია, ეს ძნელი მისიაა - ღია ცის ქვეშ, ღამით საძილე ტომრებში მოგვიწევს ყოფნა, დაგვჭირდება საწვავი, საკვები, საველე პირობების აღჭურვილობები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საზოგადოება მხარდაჭერას გამოგვიცხადებს", - ამბობს ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი. 

"მერე, როცა ახალ მავთულხლართებს გაავლებენ, იცოცხლე, იხუვლებს მთელი საქართველო და კოდაში მოუნდება ჩასვლა, მაგრამ მერე ვერაფერს ვერ შევცვლით", - ამბობს "ძალა ერთობაშიას" საინფორმაციო მიმართულების კოორდინატორი ლაშა ბერულავა, - "ამიტომ აქტიურობა ახლაა საჭირო. 26 ივნისიდან ერთი ჯგუფი უკვე კოდაშია, 28 ივნისის ღამე მესამე ღამე იქნება, რომელსაც ადგილზე გავათევთ.

რასაკვირველია, ჩვენი მონიტორინგი არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის პოლიციის პატრულირებასთან - ადგილზე მყოფი სამართალდამცველები თავიანთ საქმეს აკეთებენ, ჩვენ კი სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში ვმოქმედებთ. რაც შესათანხმებელია, ვათანხმებთ, გადაადგილების უფლებას კი ვერ შეგვიზღუდავენ", - დასძენს ის. 

"ძალა ერთობაშია" მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც საჭიროდ ჩათვალა ფინანსური დახმარება. კოდაში 24-საათიანი პატრულირების უზრუნველსაყოფად თანხის შეტანა შესაძლებელია "ძალა ერთობაშიას" ანგარიშზე, TBC ბანკში:

GE37TB7459936080100004

ანგარიში უცხოური ვალუტისთვის იხილეთ ამ ბმულზე: http://www.deoccupation.ge/your_support

დატოვე კომენტარი