კოდა - სად გადის, სად წყდება და სად შეიძლება განახლდეს საოკუპაციო ღობე

ძალა ერთობაშია 2018-06-30 20:52:42 ნახვები 2969

უკვე მეოთხე დღეა, ქარელის რაიონის სოფლების - კოდა-ჭვრინისი-აბანოს მიმართულებაზე 24-საათიან პატრულირების რეჟიმზეა გადასული ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია". სოფელ აბანოში, დოლომიტის საბადოსთან ახლოს და კოდასთან დამაკავშირებელი გზის პირას, ორგანიზაციის წევრებმა საველე ბანაკი მოაწყვეს და იქ მორიგეობით რჩებიან, დღის განმავლობაში კი საოკუპაციო ზოლთან გადიან და მიმდებარე ტერიტორიას აკვირდებიან. 

საგანგებო რეჟიმზე გადასვლა ოსური მხარის მიერ ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელებულმა ინფორმაციამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტმა "დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საპარლამენტო კომისია" შექმნა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს სოფელ აბანოში მდებარე დოლომიტის საბადოზე და სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე. 

სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ოკუპანტებმა 2013 წელს დაწყებული და მიტოვებული საოკუპაციო ღობის გავლება განაახლონ. "ძალა ერთობაშიას" მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან კარგად ჩანს, რომ ჭვრინისი-აბანო-კოდის მონაკვეთზე გავლებული საოკუპაციო ღობე ერთ-ერთ გორაკთან წყდება, თუმცა, პერიმეტრზე დარჭობილია ღობის სამაგრი ბოძები. ღობის გავლების განახლების შემთხვევაში ოკუპანტები ზემოთ, კოდასთან დამაკავშირებელი გზისკენ აიწევენ და სოფელს იზოლაციაში მოაქცევენ, ხოლო ქვემოთ, საოკუპაციო ზოლი დოლომიტის საბადოსთან გადმოინაცვლებს. 

სწორედ იმიტომ, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება სამოქალაქო აქტიურობით აღიკვეთოს, "ძალა ერთობაშია" საგანგებო რეჟიმში მოქმედებს:

"კოდა-აბანო-ჭვრინისის მიმდებარე ტერიტორიაზე მუდმივად ყოფნით ჩვენ ვზოგავთ დროს, რადგან ეს ადგილი თბილისიდან, მინიმუმ, საათნახევრის გზაზეა, ამასთან, უზრუნველვყოფთ ოპერატიულ რეაგირებას იმ შემთხვევაში, თუ ოკუპანტები გააქტიურდებიან. მართალია, ადგილზე პატრულირებს ჩვენი პოლიცია, მაგრამ მოქალაქებს, აქტივისტებს, მოქმედებისა და პროტესტის უფრო ეფექტური ფორმმების გამოყენება შეგვიძლია, იქნება ეს ლაივის ჩართცა, ინფორმაციის მიწოდება მედიისთვის, საოკუპაციო ზოლთან გასვლა და ოკუპანტებისთვის დისკომფორტის შექმნა - ასეთ პირობებში ისინი ვერც იარაღს გამოიყენებენ და სავარაუდოდ, ვერც საოკუპაციო აქტივობას გააგრძელებენ", - ამბობს ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა

სოფელ აბანოში მდებარე დოლომიტის საბადო, რომელიც საოკუპაციო ზოლიდან რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული. დოლომიტის საბადოზე მომპოვებელი სამუშაოები ამჟამად არ მიმდინარეობს, თუმცა, ამ კარიერიდან ამოღებული ლოდები ფართოდ გამოიყენება როგორც ნაპირსამაგრი მუშაობისთვის, ასევე მრეწველობაში.

მაგალითად, 1960-იან წლებში ამ კარიერზე ფართო სამუშაოები იყო გაჩაღებული და დოლომიტის ქვები რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას მიეწოდებოდა. ეს ქვები თუჯისა და ფოლადის წარმოებაში გამოიყენებოდა, ამას გარდა, სამუშაოები ორ ცვლაში მიმდინარეობდა და როგორც კოდა-აბანოს, ასევე ახლომდებარე სხვა სოფლების მოსახლეობაც იყო დასაქმებული.

"ძალა ერთობაშია" მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც საჭიროდ ჩათვალა ფინანსური დახმარება. კოდაში 24-საათიანი პატრულირების უზრუნველსაყოფად თანხის შეტანა შესაძლებელია "ძალა ერთობაშიას" ანგარიშზე, TBC ბანკში:

GE37TB7459936080100004

ანგარიში უცხოური ვალუტისთვის იხილეთ ამ ბმულზე: http://www.deoccupation.ge/your_support

დატოვე კომენტარი