კოდაში რუსი ოკუპანტების საგანგებო მზვერავი ჯგუფი გამოჩნდა

ლაშა ბერულავა 2018-06-30 20:53:55 ნახვები 5696

ქარელის რაიონის სოფელ კოდაში, კოდა-აბანოს მიმართულებაზე, ადგილზე მყოფმა ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტებმა 30 ივნისს, დილით, რუსი ოკუპანტების სამკაციანი საპატრულო ჯგუფი დააფიქსირა და გადაიღო. 

აქტივისტებმა, რომლებიც მეხუთე დღეა, ამ მონაკვეთზე სადღეღამისო რეჟიმში პატრულირებენ, რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ზოლისგან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კოდისკენ გადაადგილებისას შეამჩნიეს. 

სამკაციან პატრულს ჩვეულებრივი სასაზღვრო ნაწილის ჯარისკაცებისგან განსხვავებული ფორმები ეცვა, ხოლო ჯგუფი, "კალაშნიკოვის" გარდა, დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანითაც იყო შეიარაღებული. ოკუპანტთა ჯგუფი, თავიანთი მხრიდან, აქტივისტებს ბინოკლით აკვირდებოდა.

კადრებში, რომლებიც "ძალა ერთობაშიამ" ოფიციალურ არხზე და გვერდზე განთავსებით გაავრცელა, კარგად ჩანს, რომ სამკაციანი ჯგუფი კოდის კუთვნილ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ბანერიდან და უკანონოდ დამონტაჟებული ღობიდან მარჯვნივ, ქართული პოლიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდება. 

აქტივისტებმა პოლიციას მიმართეს და მიუთითეს კიდეც ადგილი, სადაც ოკუპანტები გადაადგილდებოდნენ, რაც მათი თანდასწრებითაც გრძელდებოდა, თუმცა, სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

მათი თქმით, ტერიტორია, სადაც ოკუპანტები გადაადგილდებოდნენ, ბუფერულ ზონად ითვლება და იქ გადაადგილების უფლება ორივე მხარეს აქვს, მაგრამ მაგალითად, წინადღეს ქართველმა პოლიციელებმა უარი უთხრეს "ძალა ერთობაშიას" აქტივისტებს, უფრო ახლოს მისულიყვნენ საოკუპაციო ღობესთან, მისი დათვალიერების მიზნით, მიზეზად კი უსაფრთხოება დაასახელეს. 

შეგახსენებთ, ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრების საგანგებო რეჟიმზე გადასვლა ოსური მხარის მიერ ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელებულმა ინფორმაციამ განაპირობა, რომლის მიხედვითაც, ცხინვალის რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტმა "დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საპარლამენტო კომისია" შექმნა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს სოფელ აბანოში მდებარე დოლომიტის საბადოზე და სოფელ კოდასთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე.

სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ოკუპანტებმა 2013 წელს დაწყებული და მიტოვებული საოკუპაციო ღობის გავლება განაახლონ. "ძალა ერთობაშიას" მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან კარგად ჩანს, რომ ჭვრინისი-აბანო-კოდის მონაკვეთზე გავლებული საოკუპაციო ღობე ერთ-ერთ გორაკთან წყდება, თუმცა, პერიმეტრზე დარჭობილია ღობის სამაგრი ბოძები.

ღობის გავლების განახლების შემთხვევაში ოკუპანტები ზემოთ, კოდასთან დამაკავშირებელი გზისკენ აიწევენ და სოფელს იზოლაციაში მოაქცევენ, ხოლო ქვემოთ, საოკუპაციო ზოლი დოლომიტის საბადოსთან გადმოინაცვლებს.

"ძალა ერთობაშია" მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც საჭიროდ ჩათვალა ფინანსური დახმარება. კოდაში 24-საათიანი პატრულირების უზრუნველსაყოფად თანხის შეტანა შესაძლებელია "ძალა ერთობაშიას" ანგარიშზე, TBC ბანკში:

GE37TB7459936080100004

ანგარიში უცხოური ვალუტისთვის იხილეთ ამ ბმულზე: http://www.deoccupation.ge/your_support

დატოვე კომენტარი