ოკუპანტებმა ჭვრინისიდან მეთორმეტეკლასელი ბიჭი გაიტაცეს

ლაშა ბერულავა 2018-06-30 20:39:06 ნახვები 5188

რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისიდან მე-12 კლასელი ადგილობრივი, ტატო ხარაზიშვილი გაიტაცეს. ინფორმაცია ჭვრინისელებმა "ძალა ერთობაშიას" ლიდერს დავით ქაცარავას მიაწოდეს. 

დავით ქაცარავას თქმით, მოზარდი დღის პირველი ნახევრიდან არ ჩანს და ოჯახის წევრები, ასევე ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ის რუსი ოკუპანტების პატრულმა გაიტაცა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა. იმის გამო, რომ მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს, ინფორმაციას ვერც პოლიცია ადასტურებდა, თუმცა მოგვიანებით, ტვ იმედის ეთერში მომხდარი ფაქტი დაადასტურა დავით ზალკალიანმა.

ადგილზე უკვე გადიან "ძალა ერთობაშიას" აქტივისტები, რომლებიც უკვე მეხუთე დღეა, კოდა-ჭვრინისი-აბანოს მიმართულებით პატრულირებენ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს კოდაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუს ოკუპანტთა სამკაციანი, შეიარაღებული პატრული გამოჩნდა, რაც ანტიოკუპაციური მოძრაობის აქტივისტებმა გადაიღეს. 

დატოვე კომენტარი