კოდაში უკვე ცხენოსანი ოკუპანტებიც გამოჩნდნენ (ვიდეო)

ლაშა ბერულავა 2018-07-06 07:47:59 ნახვები 12037

ქარელის რაიონის სოფელ კოდაში, სადაც რუსი ოკუპანტები დემარკაციის ახალი, უკანონო ეტაპისთვის ემზადებიან, ქვეითთა რაზმებთან ერთად, უკვე ცხენოსანი ოკუპანტებიც გამოჩნდნენ. "ძალა ერთობაშიას" მონიტორინგის ჯგუფმა ოკუპანტთა გადაადგილება 5 ივლისს გადაიღო. კადრები ორგანიზაციის ლიდერის დავით ქაცარავას ფეისბუქ-ლაივში მოხვდა. 

"...აჰა, ცხენოსანი ოკუპანტებიც გამოჩნდნენ... გილოცავთ! ჩვენ მოვიგეთ ოკუპაცია!.."-თქვა პირდაპირ ეთერში დავით ქაცარავამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კოდა-ჭვრინისის მონაკვეთზე ოკუპანტების გააქტიურება ემუქრება ყველას, იმის მიუხედავად, ის კოდაში ცხოვრობს, თბილისში თუ ბათუმში. 

"ძალა ერთობაშიას" მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ კოდაში საოკუპაციო ზოლს აქეთ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდებიან. მათი რეიდის ადგილიდან ადგილობრივ მცხოვრებთა სახლები სულ რაღაც რამდენიმე ათეული მეტრითაა დაშორებული. 

5 ივლისს, ისევე როგორც წინადღეებში, კოდაში მოძრავი ოკუპანტების ჯგუფი კოორდინატების მონიშვნით იყო დაკავებული. სავარაუდოდ, ისინი კოდაში გავლებული საოკუპაციო ღობის განახლებას აპირებენ. ღობის ინსტალაცია 2013 წელს დაიწყო და მალევე შეწყდა, თუმცა, საკითხი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ ზაფხულს მოულოდნელად გაააქტიურა, შექმნა რა "დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების დროებითი საპარლამენტო კომისია". ცხინვალში აცხადებენ, რომ ზოგიერთი სოფელი და, მათ შორის, ფასდაუდებელი საბადოები, "რაღაც ჯადოქრობით, ქართულ მხარეს აღმოჩნდა". 

დე ფაქტო ხელისუფლების პრეტენზიები კოდაში მდებარე დოლომიტისა და წნელისში მდებარე ტალკის საბადოებს უკავშირდება. იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს კოდა, სადაა საბადოები და სად გადის საოკუპაციო ზოლი, რომლის განახლების შემთხვევაში კოდა მოწყდება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, აღწერილია ამ სტატიაში. 

შეგახსენებთ, რომ ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრები, უკვე მე-11 დღეა, კოდა-აბანო-ჭვრინისის მიმართულებით 24-საათიან პატრულირებაზე არიან გადასული. 

"ძალა ერთობაშია" მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, ვინც საჭიროდ ჩათვალა ფინანსური დახმარება. კოდაში 24-საათიანი პატრულირების უზრუნველსაყოფად თანხის შეტანა შესაძლებელია "ძალა ერთობაშიას" ანგარიშზე, TBC ბანკში:

GE37TB7459936080100004

ანგარიში უცხოური ვალუტისთვის იხილეთ ამ ბმულზე.

დატოვე კომენტარი