განზოგადოების ხიბლი და მარტივი ჭეშმარიტებები - Why to fight propaganda for dummies

ლანა ღვინჯილია 2018-09-14 14:42:29 ნახვები 1853

ყველა თვალშისაცემ სამოქალაქო ნაბიჯს, ბუნებრივია, სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვება. თუმცა კრიტიკოსების უმრავლესობა განზოგადოებით და „ახლა მე რომ ვეტყვი, ის ხომ ჯარს გაიყვანს?“-ით იმშვიდებს თავს და თქვენი აქტივობის მნიშვნელობის დამცირებას ცდილობს. სინამდვილეში, ძალიან მარტივია ყველაფერი.

პროპაგანდის პირისპირ

პროპაგანდა არ არის ცუდი სიტყვა, მაგრამ ის ჩვენი დამოკიდებულებების შეცვლას ნიშნავს. ის შეიძლება იყოს კარგი -“ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა”. მაგრამ ჩვენიმტრის ნებისმიერი ქმედება გამიზნულია ჩვენს დასამარცხებლად. მათ შორის პროპაგანდაც. დღევანდელ მედირებულ სამყაროში პროპაგანდისტული ომი უფრო მძაფრია და ყოვლისმომცველია, ვიდრე სამხედრო შეტაკებები.

რაც უფრო ნაცნობია ჩვენთვის რაიმე, მით უფრო დადებითად ვიღებთ და იოლად ვიმახსოვრებთ მას. რაც უფრო მეტია რუსული პროდუქტი ჩვენს მაღაზიებში, მით უფრო მისაღებია ის ჩვენთვის. რაც უფრო მეტი რუსული კინოა ჩვენს ტელევიზორში, მით უფრო ადილვად ვითვისებთ ჩვენ მათ ღირებულებებს, ყოფით პრინციპებს და სიტყვებს. 

შესაბამისად, რუსული რბილი ძალის (პროპაგანდის) მექანიზმები- რუსული კინო, სპექტაკლი, რუსულწარწერიანი მანქანა, რუსული პროდუქტი მაღაზიაში, საცხოვრებლად ჩამოსული რუსები, რუსულად დაწერილი ქართული რესტორნების აბრები და რეკლამები, რუსულად ჩატარებული ყველა ფორუმი, სამეცნიერო კონფერენცია თუ კონცერტი, ამ ომის იარაღია.

რატომ არ უნდა ვასწავლოთ შვილებს რუსული ენა

ვითომ საკამათო საკითხია. ამ დროს არა. დიახ, ძალიან კარგია ბევრი ენის ცოდნა, ცოდნა, საერთოდ ძალიან სასარგებლო რამეა. ენა ჩვენი გავლენის მექანიზმია, ისევე როგორც სხვების. ჩვენ ძალაუნებურად ვაანალიზებთ იმ ინფორმაციას, რომელიც გვესმის. რაც უფრო გასაგებია ჩვენთვის -  მით უფრო სწრაფად და ხშირად. ჩინური არხი რომ ჩაგირთოთ და 15 წუთი გასმენინოთ საინფორმაციო გადაცემისათვის, ჩინეთის მთავრობის მესიჯები იქნება თქვენთვის გასაგები? არა, ხო? და „ვრემია“ რომ გაყურებინოთ? ყოველ დღე? კი, გაიგებთ. იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი შვილები ყველანაირი რუსული გავლენისაგან, დღეს მათ  ჯობია არ იცოდნენ რუსული ენა, ვერ გაიგონ რუსული პროპაგანდის მესიჯები, არ უყურონ რუსული რეალობის ამსახველ სერიალებს, არ მოუსმინონ რუსულ პაპსას, რომელიც გაგეცინებათ და რუსული მთავრობის პროპაგანდის რუპორია. ამიტომ ჯობია იცოდნენ ის ენა, რომლის მატარებელი საზოგადოების ღირებულებები ჩვენთვის ახლოა, მისაღებია და საინტერესოა, იმ ქვეყნის, სადაც ჩვენ რამე დადებითი პერსპექტივა გვაქვს - კარგი განათლების მიღების, მუშაობის გამოცდილების, სასიამოვნო მოგზაურობის, საქმიანი ურთიერთობების - ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, ჩინური თუ სუახილი.

"იქნება და ოპოზიციონერია და რატომ შევუქმნა დისკომფორტი?"

ჩვენ დიდხანს ვსწავლობდით, რა არის საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა. ის მომენტიც დადგა, როდესაც ამით ვამაყობდით. ალბათ გსიამოვნებთ, საზღვარგარეთ ვინმემ თუ იცის საქართველო რაიმე წარმატების გამო, პოლიტიკურის თუ სპორტულის არ აქვს მნიშვნელობა, და როდესაც ქართველ ქურდებს ახსენებენ? ტეხავს, ხო? თქვენ ხომ არ მოგიპარავთ არაფერი, მაგრამ შეიძლება ძალაუნებურადაც, თქვენი ქვეყნის გამო პასუხისმგებლობას გრძნობთ.

დღეს რუსეთის ძალა არა იმდენად პუტინში, რამდენადაც მათ ზომბირებულ საზოგადოებაშია. ამ საზოგადოებამ უნდა იგრძნოს ამის გამო დისკომფორტი და ჩვენ ეს დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ყველანაირი კანონიერი გზით.

ყველა მოქალაქე, რომელსაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება -პოლიტიკური პროცესის მონაწილეა და საკუთარი წილი პასუხისმგებლობა მართებს იმაზე, რასაც აკეთებს მისი მთავრობა, იმისდა მიუხედავად, დადის თუ არა ის არჩევნებზე.

„მე რომ ვიტყვი ის ჯარს გაიყვანს?“ - თემაზე

კი. ჩვენ საინფორმაციო ომის ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს - საზოგადოებრივი აზრის შეცვლა და მოწინააღმდეგის აზრის გამხმოვანებელების განეიტრალება. ჩვენი პერფორმანსები, პოსტერები, სტიკერები ადვილად იქცევს ყურადღებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს - ჩვენი საკუთარი პოსტ-საბჭოთა საზოგადოების გამოღვიძებას ემსახურება. მაგრამ არ იქნება ეს ბრძოლა ეფექტური გამიზნული შეტევის გარეშეც. თუ აგრესორმა (ამ შემთხვევაში პროპაგანდისტმა) ვერ დააინახა ჩვენი წინააღმდეგობა და არ იგრძნო თავი ცუდად (დიახაც, чтоб жизнь малиной не казалась), ის ყოველთვის საკუთარ სიმართლეში იქნება დარწმუნებული. გარშემომყოფების რეაქცია, საზოგადოებრივი აზრი არ მოქმედებს მხოლოდ ფსიქიურად აშლილ ადამიანებზე, მათზე ვისაც ადექვატურობაზე აქვთ პრეტენზია - დიდ გავლენას ახდენს.

ამიტომ, თქმას ყოველთვის აქვს აზრი.

ფოტო: on.ge

დატოვე კომენტარი