როცა ამბობს, რომ რუსული ჯარი საქართველოდან მან გაიყვანა

ძალა ერთობაშია 2018-10-19 22:50:57 ნახვები 4118

საქართველოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ე.წ. დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მან გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანაში. 

სინამდვილეში საქმე სხვაგვარად იყო:

1990 წელს ნატოსა და ვარშავის პაქტის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებას, რითაც უნდა დადგენილიყო ძალთა თანაფარდობის ბალანსი, ანუ იდეა ევროპაში მოულოდნელი თავდასხმის თავიდან აცილებაში მდგომარეობდა და საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა, მაგრამ 1995 წლის 22 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა პავლე გრაჩოვმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ ხელი მოაწერეს საქართველოს ტერიტორიაზე, ვაზიანში, ბათუმში, გუდაუთასა და ახალქალაქში რუსული ბაზების შექმნის მოღალატეობრივ ხელშეკრულებას. მათი საქართველოში არსებობის მინიმუმი 10 წლით განისაზღვრა. 

ედუარდ შევარდნაძემ ეს ვადა რუსეთს 25 წლამდე გაუზარდა იმ პირობით, რომ რუსეთი საქართველოს იურისდიქციას აღიარებდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, თუმცა, ასე არ მოხდა და 1999 წლის ნოემბერში, სტამბოლის სამიტზე საქართველომ დღის წესრიგში დააყენა ჩვენი ქვეყნიდან რუსული ბაზების ნაწილის გაყვანის საკითხი. 

ჩვენი ქვეყნის დელეგაციის შემადგენლობაში მაშინ პრეზიდენტი შევარდნაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ბათუ ქუთელია, ნიკა ვაშაკიძე, დავით ბაქრაძე და თავმჯდომარე - რეზო ადამია იმყოფებოდნენ. 

საბოლოოდ გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე ბაზები გავიდოდა ვაზიანიდან და გუდაუთიდან და პროცესი 2000 წელს დასრულდებოდა. 

2001 წლის ივლისში მოხდა ვაზიანის 137-ე ბაზის ლიკვიდაცია, ოქტომბერში - გუდაუთის 50-ე ბაზა. 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა დაადგინა რეგულაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ თუ 15 მაისამდე არ შეთანხმდებოდა დარჩენილი ბაზების გაყვანის საკითხი და პროცესი არ დასრულდებოდა 2006 წლის იანვრამდე, რუსული ბაზები მოექცეოდნენ ალყაში და საქართველო მათ შეუწყვეტდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდებას. 

ბაზებიდან პირველმა ნაკადმა ხელშეკრულების ხელმოწერამდე დაიწყო საქართველოს ტერიტორიის დატოვება, ხოლო ბოლო ვადად 2008 წლის გაზაფხული სახელდებოდა. ბაზების გაყვანის სანაცვლოდ რუსეთი საქართველოდან 500 მილიონ დოლარს ითხოვდა. საბოლოოდ, 2006 წლის მარტში, სოჭში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მამუკა კუდავამ საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მისი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმოწერა ფიქსირდება მხოლოდ კომუნიკეზე, რადგან ეს პროცესი თანამდებობაზე მის ყოფნას (2004-2005) დაემთხვა, მთელი იმ ხნის განმავლობაში კი, სანამ ქართული დიპლომატია ქვეყნიდან რუსული ჩექმის ამოსაძირკვად იბრძოდა, სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ქვეყანაში საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლად, სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა.  

 

დატოვე კომენტარი