სალომე ზურაბიშვილის ციტატები, რომლებიც რუსეთმა ჰააგის სასამართლოში გამოიყენა

ნეტგაზეთის მიხედვით 2018-10-22 21:37:05 ნახვები 8831

რუსეთის ფედერაციამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს სარჩელის საპასუხოდ წარდგენილ წინასწარ შესაგებელში სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიც დაიმოწმა.

ეს ის საქმეა, რომელიც ჰააგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. 

რუსეთის ფედერაციამ ზემოხსენებულ საქმეში სალომე ზურაბიშვილის ციტატები იმის დასტურად მოიყვანა, რომ საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომისთვის დიდი ხნით ადრე ემზადებოდა.

აღწერს რა 2004 წლიდან ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მოვლენების განვითარებას, რუსული მხარე ამბობს, რომ “საქართველომ ცხინვალის წინააღმდეგ წამოიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის მიზნები აღწერილია მათივე საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ”, და მოჰყავს შემდეგი ციტატა სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წელს პარიზში გამოცემული წიგნიდან “La tragédie géorgienne 2003-2008”. ქვემოთ მოყვანილი ციტატა რუსეთის მტკიცებით, 2004 წლის ივნისს ეხება:

“პროვოკაციების კვალდაკვალ დაძაბულობა იზრდება. ეროვნული უშიშროების საბჭოში შეხვედრა შეხვედრაზე იმართება. თავდაცვის მინისტრი ხსნის, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ გვჭირდება ცხინვალის აღება. სტრატეგია ნათელია: სამი საათია საჭირო სიმაღლეების დასაკავებლად და ვინც აკონტროლებს სიმაღლეებს, აკონტროლებს ცხინვალს”.

რუსეთის შესაგებელ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან რამდენიმე ციტატაა მოყვანილი, მათ შორის ერთ-ერთში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2007 წლიდან საქართველოში ორმაგი ეროვნების – საქართველოსა და ისრაელის – თავდაცვის მინისტრის დანიშვნა ემთხვევა თავდაცვის ბიუჯეტისა და მილიტარიზაციის ზრდას საქართველოს მხრიდან.

“ომის რიტორიკა დაკარგულ ტერიტორიებთან მიმართებაში დაუფარავი იყო. თავდაცვის პოლიტიკის ფასადის უკან, რომელიც მიმართული იყო ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ, ადგილი ჰქონდა შეიარაღების პოლიტიკას, რომელიც უფრო სამხედრო რევანშის განზრახვას შეესაბამებოდა“, – ეს არის სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი ციტატა, რომელსაც რუსეთი იმოწმებს.

დატოვე კომენტარი