აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავმა ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს პირველად გადაუფრინა

იაგო ლუკავა 2018-10-22 19:26:04 ნახვები 25528

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა სტრატეგიულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა RC-135V, რომელიც ორშაბათს ყირიმისა და კრასნოდარის მხარის ახლოს დაფრინავდა, აფხაზეთის სანაპიროსაც გადაუფრინა. ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეს მხარე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 

ამერიკული თვითმფრინავის ამ მარშრუტზე ყურადღებას "ინტერფაქსი" ამახვილებს. მედიარესურსის ინფორმაციით, თვითმფრინავმა ორჯერ გადაიფრინა სანაპიროზე საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთთან, ასევე სოხუმის მიმართულებით. ოკუპირებული რეგიონის სიახლოვეს თვითმფრინავი ჯამში 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდა. ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი შავი ზღვის საერთაშორისო წყლის თავზე დაფრინავდა. 

სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V, რომელიც სუდა-ბეის (საბერძნეთის) ბაზიდან აფრინდა, ოთხი საათის განმავლობაში დაფრინავდა სოჭიდან მთელი კრასნოდარის მხარის, ასევე ოკუპირებული ყირიმის მიმართულებაზე.  

ცნობილია, რომ ამ ტიპის სტრატეგიულ სადაზვერვო თვითმფრინავს თავისუფლად შეუძლია დააფიქსიროს მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგება. 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი