დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას - მკითხველის წერილი

თემურ ავალიანი 2018-12-11 00:20:04 ნახვები 741

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და განსაკუთრებით აგვისტოს ომზე ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი ნაწილის უტიფარმა განცხადებებმა, რომ ომის დაწყება საქართველოს დააბრალონ, იმ შედეგების გაუთვალისწინებლად თუ რა მოჰყვება ამ განცხადებებს, მაიძულა კვლავ ამეღო ხელში კალამი და საზოგადოებისთვისი მიმეწოდებინა ჩემი აზრი.

გასული წლის მაისში გამოვაქვეყნე ჩემი ბოლო სტატია სათაურით – „მე – ბიძინა ივანიშვილი“, სადაც დეტალურად განვიხილე საქართველოში შექმნილი მდგომარეობა, ივანიშვილის როლი და ადგილი ქართული სახელმწიფოს ნგრევის და განადგურების, ხალხის უკიდურესად გაღატაკების შეუქცევად პროცესში, საზოგადოებას მოვაგონე მისი შეუსრულებელი დაპირებები და დავიტოვე იმედი, რომ ქართველი ხალხი ახლო მომავალში მას საკადრის პასუხს გასცემდა. – ეს დროც დადგა... 28 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ბოლო მოუღო მის გადამეტებულ თავდაჯერებას და მას ნდობის მანდატი შეუჩერა.

ის 38%, რომელიც მისმა ფავორიტმა ქ–ნმა ზურაბიშვილმა მიიღო და რომელიც მიღწეული იქნა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის 100%–ით გამოყენებით, არის სიაში არსებული ამომრჩევლის მხოლოდ 20%. წყალში გადაიყარა ყველა ის მილიონები, რომელიც ქოცთა პარტიამ მოუგროვა ქალბატონს და დაურიგეს მოსახლეობას, დახარჯეს საარჩევნო კამპანიაში და რომლითაც ივანიშვილს და მის გუნდს პირველივე ტურში უნდა ეზეიმათ გამარჯვება.

ხმების 62% მიიღო „ქართული ოცნების“ ე.ი. ივანიშვილის ოპოციზიამ, სადაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო ხმების 37%. „ევროპულმა საქართველომ“ 11%, დანარჩენმა პარტიებმა 14%.

არჩევნების ამ შედეგებით ბატონმა ივანიშვილმა უნდა გამოიტანოს დასკვნები, რომ ის უძრაობა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინასწარ გამიზნული ნგრევა, ხალხის გაღატაკება და საკუთარი მომხრეებისგან ფაქტიურად ახალი კლასის –თანამედროვე ბურჟუაზიის შექმნა, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდებიან და უსიტყვოდ ასრულებენ მის დავალებებს, საქართველოს მოსახლეობას ყელში ამოუვიდა.

ყველაფერი ეს განაპირობა იმ ფეოდარულ–მონათმფლობელურმა ერთმმართველობამ, რომელიც ივანიშვილმა საქართველოში დაამკვიდრა და რომელსაც ვერ ეგუება როგორც ქართველი ხალხი, ისე ჩვენი მეგობარი ქვეყნები, რომლებიც კარგად ხედავენ თუ როგორ იმართება დღეს ჩვენი დიდი ისტორიის და კულტურის მქონე ქვეყანა. ჩვენ არ ვიცით რა დამსახურებით და რა განსაკუთრებული წარმატებების გამო დაინიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრად ბატონი ბახტაძე, რომელმაც როგორც ამბობენ მომგებიანი აქართველოს რკინიგზა ფაქტიურად ვალებში დატოვა.

აგრეთვე არ ვიცით ვინ მოძებნა და ჩამოიყვანა საქართველოში რუსული დესანტი გახარიას, ქობალიას, მაჭავარიანის სახით, ვინ არიან ისინი და რატომ უნდა ენდოს ქართველი ხალხი იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ ივანიშვილის რეკომენდაციით ინიშნებიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე და რომლებიც ტრადიციულად ვერასდროს ვერ ამართლებენ.
მართალია ბატონმა ბიძინამ თავისი გამოსვლით ტრაგედიად შეაფასა საქართველოს მოსახლეობის ის არჩევანი, რომლებიც მათ 28 ოქტომბერს გააკეთეს, ნაწილობრივ აღიარა დაშვებული შეცდომები და ერთი წელი ითხოვა, რომ ყველაფერს გამოასწორებდა. ჩვენ სკეპტიკოსებს მართალია ბიძინას ამ დაპირებების არ გვჯერა (მარტო ქუთაისის საუნივერსიტეტო ჰაბად გადაქცევა რად ღირს). თუმცა მათ აქვთ დრო ერთი წელი – რაიმე მაინც გამოასწორონ.

პრეზიდენტის ამ გაძარცვულ უფლება–მოვალეობებში, არავითარი ბერკეტი არ არის, რომ ერთ წელს მაინც ხელი შეგიშალოთ იმ შეცდომების გამოსწორებაში და დაპირებების შესრულებაში, რაც ბატონმა ბიძინამ თავის მოსანანიებელ გამოსვლაში მოსახლეობას აღუთქვა. და თუ მაინც განაგრძობთ სუსის და შსს მაღალი თანამდებობის პირების რეგიონებში მიმაგრებებს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის და ამომრჩევლებზე ძალადობის და მოსყიდვის მიზნით, ხალხი იფიქრებს, რომ ბატონ ბიძინას თავისი დანაპირების შესრულება არ უნდა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება სურს, რათა დაასრულოს თავისი პროექტი – ფეოდალურ–ბატონყმური სახელმწიფოს შექმნა.

არ შემიძლია ორი სიტყვით არ შევეხო ტელევიზია „იმედის“ განსაკუთრებულ, გამორჩეულ როლს საზოგადოების დაპირისპირებაში და გახლეჩაში. ეს არხი, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა სამთავრობო–ოლიგარქიულ, გამდიდრებული საზოგადოების არხად (აქ გაჭირვებული და უსახლკარო ხალხი ეზიზღებათ), ტაშ–ფანდურთან ერთად ახერხებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანას და მოსახლეობას აწვდის მიჭრილ–მოჭრილ ინფორმაციებს ცალკეული ფაქტების შესახებ. ეს განსაკუთრებით საშიში ტენდენცია აქვს ამ არხს აგვისტოს ომის შესახებაც, რაც ჩვენი აზრით გამიზნულად ხდება და ხდება რუსეთის სასარგებლოდ. სხვა ვერაფრით ვერ ავხსნით სააკაშვილის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც მან ახსენა ცხინვალში შესვლა და შემდეგ მისი სიტყვა მოჭრეს და არ აჩვენეს ის აუცილებლობა თუ რამ გამოიწვია ეს არასასურველი ნაბიჯი.
ეს ფაქტები უკვე ცდება ყოველგვარ საარჩევნო კომპანიის საზღვრებს და ქვეყნის ღალატს უახლოვდება.


აგვისტოს ომი და დღევანდელი ხელისუფლების სპეკულაციები ამ ომზე

16 წელი (1996–2012) ვცხოვრობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში (არ ვარ ცრუ–ს აგენტი) და მარტო აგვისტოს ომზე დაწერილი მაქვს ათამდე სტატია და ღია წერილი დიდი რვიანის, ევროპული ორგანიზაციების, გაეროს, ნატოს გენერალური მდივნების სახელზე, რომ განეხილათ აგვისტოს ომის მთელი ანატომია და სათანადოდ დაესაჯათ აგრესორი. ომამდე ორი ღია წერილი გავუგზავნე პრეზიდენტ პუტინსაც, სადაც უმორჩილესად ვთხოვდი არ დაეშვა საომარი მოქმედებები ჩვენ ორ ერს შორის, მომყავდა ბატონი ოთარ იოსელიანის ციტატა ამ ომის მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

ყველა ეს სტატიები და მიმართვები, გასაგები მიზეზის გამო, იბეჭდებოდა რუსულენოვან პრესაში – „Свободная Грузия“, ამერიკულ „Запад-Восток“, საქართველოს „Грузия – онлаин“ და რუსულ პოპულარულ ინტერნეტ–საიტზე ИНО-СМИ-РУ, რომლის ლოგოა – ის რაც იმსახურებს თარგმნას მსოფლიო პრესიდან.

2008 წლის მაისში ამერიკულ ყოველკვირეულ გაზეთში „Запад-Восток“ გამოქვეყნდა ჩემი სტატია სათაურით „შეაჩერეთ აგრესორი“ („Остановит агрессора“), სადაც დეტალურად იყო განხილული რუსეთის მაშინდელი სამზადისი საქართველოში ომის დასაწყებად როგორც აფხაზეთში (რკინიგზის მშენებლობა და ბაგაპშის განცხადებები – ავიღებთ კოდორს და ჩავალთ ქუთაისამდე), ისე „სამხრეთ ოსეთში“ (საქართველოს საზღვრებთან 58–ე არმიის წვრთნები ქართველი მეომრების ფიტულებით). ასე რომ თუ არ იქნებოდა ცხინვალი, იქნებოდა კოდორი და ორივე დღევანდელი შედეგით. მე ვაფრთხილებდი საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთი ემზადება საქართველოში შესაჭრელად და დაეცვათ პატარა ქვეყანა რუსეთის აგრესიისგან. აქვე აღვნიშნავდი, რომ 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის ნატოს სამმიტზე, მიუხედავად პრეზიდენტ ბუშის დიდი მცდელობისა, საქართველოს უარი უთხრეს „მაპის“ მიცემაზე და ფაქტიურად საჯიჯგნად მიუგდეს იგი რუსეთს. აქ კვლავ მინდა ვახსენო კანცლერი მერკელი, რომელმაც საქართველოში დემოკრატიის დაბალი დონე მოიხსენია და 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა. 7 ნოემბერი იმ მრავალდღიანი მიტინგების ფინალი, სადაც ქართულმა ოპოზიციამ, რომელიც აუცილებლად კრემლის (პუტინის) ხელით იმართებოდა, ტელევიზია „იმედის“ დახმარებით შეძლო მწყობრიდან გამოეყვანა ხელისუფლება და დაეშვებინა საბედისწერო შეცდომები. რაც დამანგრეველი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, პუტინისთვის კი მწვანე შუქი აგვისტოს ომისკენ.

2008 წლის აგვისტოს დასაწყისში ისეთი რეზონანსული იყო რუსეთის ჯარების აქტიურობა საქართველოს საზღვრებთან,მსოფლიო, რუსული და ქართული პრესის ინფორმაციები მოსალოდნელი ომის შესახებ, რომ იმავე გაზეთმა („Запад-Восток“) 6 აგვისტოს ინტერვიუ მთხოვა, თუ რა ხდებოდა საქართველოში. „ხვალ იწყება ომი“ („Завтра начинается воина“) ასეთი იყო ჩემი ინტერვიუს სათაური. ინტერვიუში მოყვანილი იყო როგორც საქართველოდან, ისე რუსეთიდან მიღებული ინფორმაციები – ომის გარდაუვალობის შესახებ. მოყვანილი იყო რუსული პრესიდან ავტორიტეტული სამხედრო ექსპერტების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების – ილარიონოვის, ფელგენგაუერის, პიონტკოვსკის, ლატინინას ციტატები პრეს–კონფერენციებიდან, სტატიებიდან, თუ როგორ დაიცალა ცხინვალი, რომ ჯავაში უკვე არსებობს რუსული ბაზა, სადაც თავმოყრილია, როგორც მოქმედი არმიის ნაწილები, ისე 2000–მდე „ბოევიკი“ – ჩრდილოეთ–კავკასიიდან, როკის გვირაბთან უკვე იდგა რუსული ტანკების არმადა, ათამდე საბრძოლო თვითმფრინავი სავსე „ბაკებით“ ელოდნენ მთავარსარდლის ბრძანებას. აქვე ვამბობდი, რომ ივლისის თვიდან განუწყვეტლივ იბომბებოდა ცხინვალის მომიჯნავე ქართული მოსახლეობის სოფლები, რომ 5 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ აქ ჩაიყვანა საქართველოში აკრედიტებული 19 სახელმწიფოს ელჩები, რათა თავისი თვალით ენახათ ის საარტილერიო ჭურვები, რომლებიც ამ სოფლებში ეცემოდა და რომლებიც შეთანხმების თანახმად, არ უნდა ჰქონოდათ დაპირისპირებულ მხარეებს კონფლიქტის ზონაში. სამშვიდობო ძალების სარდალი კულახმეტოვი აცხადებდა, რომ ოსები გამოვიდნენ მისი კონტროლიდან და მას არ ემორჩილებიან. რუსეთის წარმომადგენელი, რომელიც რუსეთის მთავრობამ საქართველოში „მოსალაპარაკებლად“ გამოგზავნა, ცხინვალში არ ჩავიდა, თითქოს გზაში საბურავი დაეშვა.
დავსვათ კითხვა – შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება?

ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან რუსეთის პოლიტიკაში (ან არ უნდათ გარკვევა) არ უნდათ იცნობდნენ პუტინს, რომელიც დღეს არა მარტო უკრაინის და საქართველოს, არამედ მსოფლიო პრობლემაა, გეტყვიან და ამბობენ კიდეც, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდაო. მაგრამ ვინც ამაში კარგად ერკვევა, ზემოთ ჩამოთვლილ ინფორმაციებს იცნობს, ჩვენ საზღვართან მდგარი ტანკების და 45 ათასიანი არმიის მოსამზადებლად გაწეული სამუშაოების მასშტაბურობა იცის და პუტინს კარგად იცნობს, ის ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა და სააკაშვილის არავითარ ლაქუცზე არ წავიდოდა. თუმცა სააკაშვილს ამისათვის ცდები არ დაუკლია.

მით უმეტეს, რომ როგორც პუტინი ამბობს, მას 2007 წელს უკვე ჰქონდა მის მიერ ხელმოწერილი გეგმა საქართველოში შეჭრის შესახებ. ნიშანდობლივია ყოფილი პრეზიდენტის მედვედევის განცხადებაც იმის შესახებ, რომ საქართველოში ომით და მისი ტერიტორიების ოკუპაციით ჩვენ შევაჩერეთ არა მარტო საქართველოს სვლა ნატოსკენ, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც მივეცით ამით გაფრთხილება.

ალბათ ამ გეგმის ნაწილი იყო უკრაინის ტერიტორიების მიტაცება–ოკუპაციაც. უკრაინას, რომელსაც არაფერი გაუკეთებია რუსეთის წინააღმდეგ, პუტინის მიერ უკრაინის პრეზიდენტად ჩანერგილი იანუკოვიჩის ლუსტრაციის გარდა, არ შეჭრილა არც ყირიმში, არც დონბასში და არც ლუგანსკში – უსიტყვოდ წაართვეს ეს რეგიონები.

თქვენ, დღევანდელი პარლამენტის აქტიურო უმრავლესობავ, დიდი პოლიტიკის ძუძუმწოვარა ბავშვებო, პარლამენტის თავმჯდომარის კობახიძის, მისი მეგობრების მდინარაძის, თალაკვაძის, ოხანაშვილის, მათიკაშვილის და სხვების სახით, ყოველგვარი დაფიქრების და ანალიზის გარეშე რომ აღებთ პირს და სააკაშვილის მიმართ, ბიძინას მიერ ჩანერგილი სიძულვილით, ადანაშაულებთ საქართველოს ომის დაწყებაში, უნებურად მიჩნდება კითხვა – თქვენ ბავშვებო დედა გყავთ? იცით რა მოყვება ამას ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე? მე ამის გაფიქრებისაც კი მეშინია.

ფაქტია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობით, წინასწარ წავიდა საქართველოსთვის ამ წამგებიან ნაბიჯზე. იცოდა რა, რომ ეს სასამართლო მხოლოდ იმ პირთა დანაშაულობებს იკვლევდა, რომლებსაც ბრალი ედებათ ომის დაწყებაში.

წამგებიანი იყო ეს ნაბიჯი იმით, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუსზე ხელმომწერი ქვეყანა და ვერც პუტინს, ვერც მედვედევს, რომლებიც იყვნენ ამ ომის ძირითადი ინიციატორები, ჰააგის ეს სასამართლო პასუხს ვერ მოთხოვს.
არ იქნებიან ამ სასამართლოზე რუსი გენერლები და ის სამხედრო პირები, რომლებიც ბომბავდნენ საქართველოს მოსახლეობას, გაანადგურეს ქალაქები და სოფლები, სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა, ჩაატარეს ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა სამაჩაბლოდან – საქართველოს ძირძველი ტერიტორიიდან და კოდორის ხეობიდან, გამოაცხადეს აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ჩააყენეს იქ თავიანთი საოკუპაციო ჯარები და პერიოდულად სწევენ ე.წ. საზღვრებს, იტაცებენ ჩვენ მოქალაქეებს, პროვოკაციულად ცდილობენ საომარი მოქმედებების ახალ ესკალაციას.

ხომ არ არის ეს ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის პატარა ქალბატონის წულუკიანის იმ გეგმის ნაწილი, სადაც ქალბატონი მინისტრი საქვეყნოდ აცხადებდა – მე სააკაშვილი უნდა გავანადგუროვო! გეგმა კი როგორც ვიცით უფრო მასშტაბური და საპასუხისმგებლოა და ეს პუტინის და მედვედევის სურვილია – სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალზე ხილვა და საქართველოს დანაწევრების ოფიციალურად ცნობა.

ბატონო ივანიშვილო, ქალბატონო წულუკიანო! (ზურაბიშვილზე რომ არაფერი ვთქვათ), გესმით თუ არა, რომ თქვენ უკვე ჩაიდინეთ დანაშაული საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ? რომ ეს არის პუტინის, რუსეთის იმპერიის გეგმა საქართველოს დანაწევრების შესახებ: იცით თუ არა, რომ მილოშევიჩის ჰააგის ტრიბუნალმა გამოიწვია სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფა და მისი აღიარება მრავალი სახელმწიფოს მიერ?

ამიტომ არის დღეს ქალბატონი წულუკიანი ხელშეუხებელი პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ დაანგრია მთელი სამართალდამცავი სისტემა, სასამართლო და პროკურატურა, იუსტიციის სახლები გადააქცია კორუფციის ბუდედ. ხალხი დღეს სამართალს სახელმწიფო ინსტიტუტებში რომ ვერ პოულობს, რუსთავი–2–ში ეძებს.

რატომ არ არის საქმე აღძრული ჰააგის მთავარ სასამართლოში, სადაც სახელმწიფოთა შორის დავებს განიხილავენ და სადაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი უნდა დაეყენებინათ? ტალიავინის მოხსენებით რუსეთის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, საქართველოში შეჭრის შესახებ, არ დადასტურდა. არ ჰქონდა უფლება რუსეთს შემოჭრილიყო საქართველოში აგრეთვე თავისი სათათბიროს და გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე. გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლება ერიდება რუსეთთან რაიმე დავებს, და საერთაშორისო სივრცეში მის გატანას, როგორც ეს ბიძინამ დააანონსა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისში.

რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის სიამოვნებით დაწვება ბატონ ლავროვთან, ამ დარგის შესანიშნავ სპეციალისტთან, საოპერაციო მაგიდაზე, იმ „განგრენების“ ამოსაკვეთად, რომელიც მას დიდი ხანია აწუხებს.

და ბოლოს უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთელი დღევანდელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს არ ემსახურება. ჩვენი ხელისუფლება, ჩვეული ბინძური მეთოდებით, რომ არ ჩარეულიყო საარჩევნო პროცესში, მეორე ტურის შედეგები კიდევ ერთხელ აჩვენებდა საქართველოს მოსახლეობის სურვილს – უარი უთხრას დღევანდელ ხელისუფლებას.

დატოვე კომენტარი