წნელისში რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართებისთვის ახალი ადგილი მოინიშნეს

მარიამ ბუაძე 2019-01-06 22:32:22 ნახვები 2976

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წნელისთან, ტყეში, მოულოდნელად გამოჩენილმა რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ მონადირეს თოფი და ვაზნები წაართვეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტყეში ასვლა აუკრძალეს, ამავე ტყეში კი უკანონო ბორდერიზაციისთვის ადგილი მოინიშნეს.

ექსკლუზიური ინფორმაცია წნელისში მომხდარი ამ ფაქტის შესახებ ატოცში მყოფ "ძალა ერთობაშიას" აქტივისტებს შეატყობინეს და კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვეს. 

ინციდენტი 6 იანვარს მოხდა, პოლიცია კი ტყეში დღეს, მონადირის მიმართვის შემდეგ ავიდა. 

"დეოკუპეიშენ. ჯის", ორგანიზაციის ლიდერმა დავით ქაცარავამ უთხრა, რომ მონადირის მიმართვის შემდეგ ადგილზე ასულ პოლიციელებს ტყეში პულვიზატორით მონიშნული ტერიტორია დახვდათ, სადაც, სავარაუდოდ, ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციის დაწყებას აპირებენ:

"ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის ჩვენთვის ცნობილი. როგორც მითხრეს, პულვიზატორით მონიშნული სდგილი საკმაოდ მიუვალია და ტყის სიღრმეში, საჩხერის მხარეს მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას ბორდერიზაცია მანამდე არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტები ახლა სხვა მიმართულებიდან აპირებენ მცოცავი ანექსიის განახლებას".

დავით ქაცარავა ამბობს, რომ "ძალა ერთობაშიას" აქტივისტები აუცილებლად გავლენ წნელისის მიმართულებით და სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან:

"ჩვენი ჯგუფი აუცილებლად ავა მინიშნებულ ადგილზე და დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით, მაგრამ საკითხავი ამჟამად ისაა, რატომ სდუმს ამ ფაქტზე ხელისუფლება, მით უმეტეს, რომ მონადირემ, ჩვენი ინფორმაციით, პოლიციას მიმართა და მონიშნული ადგილები სწორედ პოლიციამ იპოვა. რატომ არის ეს ფაქტი გასაიდუმლოებული?"- კითხულობს დავით ქაცარავა. 

წნელისი — სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (ბალთის თემი). 1991 წლამდე შედიოდა ზნაურის რაიონში. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე ლოპანისწყლის (დასავლეთ ფრონის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 800 მეტრი (ვიკიპედიიდან)  

დატოვე კომენტარი