ახალგორელები შველას დავით ქაცარავასგან ითხოვენ

ლაშა ბერულავა 2019-01-15 13:36:27 ნახვები 3901

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები მშობლები გრიპის ვირუსის გამო შეშფოთებული არიან და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაკავშირებაში დახმარებას არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერს სთხოვენ. დავით ქაცარავამ ახალგორში მცხოვრები ერთ-ერთი მშობლის წერილი მიიღო, რომელსაც "დეოკუპეიშენ.ჯი" ქვემოთ აქვეყნებს. 

ახალგორში მყოფი სხვა მშობლების სახელით წერილის ავტორი დავით ქაცარავას ინკოგნიტოდ დარჩენას სთხოვს და წერს, რომ მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან ვირუსით უამრავი ბავშვია დაავადებული. წერილის ავტორის თქმით, არც ახალგორში, არც ცხინვალში, საჭირო მედიკამენტები არ არის, დეფაქტო ხელისუფლებამ კი ადმინისტრაციული საზღვარი დაკეტა და თბილისისკენ არავის უშვებს. 

"გამარჯობათ დავით. ისევ თქვენ მოგმართავთ. იქნებ თქვენ გვიშველოთ ან დაგვეხმაროთ.ვწერ მაგრამ ცრემლებს ვერ ვიკავებ. ჩაგვკეტეს ახალგორში გაურკვეველი დროით. ბავშვები სიცხიანები. ვირუსიანები. წამალი არ არის და არც ექიმებია. საერთოდ არაფერი არარის. არავინ არაფერს გვეუბნება.

ჩემი ბავშვი 39 სიცხით და სუნთქვის უკმარისსობით საავადმყოფომ გამოგვიშვა დანიშნულების გარეშე, იმიტომ რომ წამალი არ არის. მინდა წითელი ჯვრის დახმარებით თბილიში გადმოყვანა. თუ რამე იცით, როგორ დავუკავშირდე წითელ ჯვარს, შემატყობინეთ. ძალიან მინდა ჩემი სახელი და გვარი არ გახმაურდეს, პრობლემების გამო. გთხოვთ ძალიან, უყურადღებოდ არ დატოვოთ ჩემი წერილი. მადლობა" - 

წერილში რედაქციამ შეგნებულად გამოტოვა ნაწილი, სადაც ავტორი მის მიერ დღეს დაგეგმილ მგზავრობას ასახელებს და რითაც დე ფაქტო ხელისუფლებას, შესაძლოა, ამ მოქალაქის იდენტიფიცირება გაადვილებოდა.

დავით ქაცარავა საქართველოს ხელისუფლებას და კონკრეტულად, ქეთევან ციხელაშვილს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თანამოქალაქეების ბედით:

"ვინ იცის, რამდენი ადამიანია ასე სასოწარკვეთილი, როგორც ეს მშობელი. მედიკამენტებით უზრუნველყოფილ გარემოში და თანამედროვე კლინიკების პირობებშიც კი ძნელია ამ ვირუსთან ბრძოლა, ხომ წარმოგიდგენიათ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რა განუკითხაობა იქნება ამ მხრივ? 

მე მაინტერესებს, რატომ არ არის უფრო აქტიური ინტერაქცია სამინისტროსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს შორის, თუნდაც, იგივე სოციალური ქსელით? ეს ადამიანი მე დამიკავშირდა იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირება ვერ მოახერხა, ან კიდევ მისი იმედი არა აქვს. ორივე შემთხვევაში ნონსენსია", - ამბობს დავით ქაცარავა. 

დატოვე კომენტარი