გიყვარს ასკილის ჩაი? იცი სად არის ატოცი?

ლანა ღვინჯილია 2019-01-23 03:29:44 ნახვები 846

გიყვარს ასკილის ჩაი? იცი სად არის ატოცი? სოფელი ატოცი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. სულ ახლახან ოკუპანტებმა იქ ახალი ღობის და მავთულხლართის გავლება და საძოვრების და სამეურნეო მიწების წართმევა სცადეს, თუმცა, ჩანაფიქრი დღემდე განუხორციელებელი რჩება და მიზეზი სამოქალაქო პროტესტია.

ატოცის მცხოვრებთა ერთერთი შემოსავალი სოფლის გარშემო მოკრეფილი ასკილის გაყიდვაა. ალბათ გაგიგიათ, ასკილი როგორი ეკლიანია და რთული მოსაკრეფიც გახლავთ.

ასკილი ველური მცენარეა, რომლის ნაყოფისგან სასარგებლო ჩაი კეთდება. მისი დაყენება შეგიძლიათ თერმოსში 6 საათის განმავლობაში ან რამოდენიმეწუთიანი მოდუღებით. ატოცის ასკილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია, რადგან იზრდება გზებისგან, საწარმოებისგან და დასახლებული ადგილებისგან მოშორებით.

რატომ უნდა იყიდოთ „ატოცის ასკილი“?
• ასკილი სასარგებლოა და გემრიელი სასმელია.
• მარცვლები ადვილად და დიდხანს ინახება.
• ატოცის მცხოვრებათვის ასკილი შემოსავლის ერთერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
• ამ კამპანიის მიზანია ატოცელების შემოსავლის გაზრდაა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა.
• დეოკუპაციის პროცესში მონაწილეობა ამ თანადგომითაც შეიძლება.

სოფელი ატოცი ქარელის რაიონში საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და თბილისიდან 130 კილომეტრითაა დაშორებული. 2018 წლის 7 ნოემბერს ოკუპანტებმა იქ ახალი ღობის და მავთულხლართის გავლება სცადეს.

დათო ქაცარავას დაარსებული ანტიოკუპაციური მოძრაობის აქტიურობით ეს პროცესი შეჩერდა და იქ ახლა 24/7 პატრულირება ტარდება.

ქართველი აქტივისტები და რუსი ოკუპანტები ყოველდღე ერთმანეთის პირისპირ დგანან.

ატოცი - ჯერჯერობით ერთადერთი მაგალითია იმისა, რომ სამოქალაქო შეუიარაღებელ პროტესტს შეუძლია რუსული სამხედრო მანქანის შეჩერება.

ატოცი თბილისიდან 130 კილომენტრის მანძილზეა, და სოფლელებისთვის თბილისში ასკილის ჩამოტანა არც ისე ადვილია. გადავწყვიტეთ სოფელს დავეხმაროთ ამ ასკილის გაყიდვაში.

ატოცელმა მიშა ბირთველიშვილმა თანასოფლელებისგან ასკილი მოაგროვა, აწონა და თბილისში გამოგვატანა. რომ გავყიდით, ამ ფულს მიშა ატოცში წაიღებს.

ჩვენმა მეგობრებმა პიარ სააგენტო პერიტუსიდან გააკეთეს აქციის ლოგო, მეგობრებმა printer.ge-დან უფასოდ დაბეჭდეს სტიკერები, საწარმო „იმპოჯორჯიამ“ უფასოდ გამოგვიგზავნა შეფუთვა.

შემოსული თანხა გადაეცემა ატოცელებს.

1 კილო ასკილი საკმარისია 40 ლიტრამდე ჩაის გასაკეთებლად (ანუ, შეიძლება მთელი ზამთარიც გეყოთ). ატოცის ასკილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. 1 კილო ასკილი იყიდება 6 ლარად.

ატოცის ასკილის ყიდვა შეგიძლიათ: მაღაზია "ლალალემბი" აბაშიძის 31; რესტორანი "ტერავაინი" კოსტავას 37/39, ასევე გალის ქუჩა 4-ში.

P.S. და კიდევ: რომ იყიდით, ჩაის დააყენებთ ან მეგობრებს გაუმასპინძლდებით, აუცილებლად დაპოსტეთ სურათი, ასე უფრო სწრაფად გავყიდით ატოცელების ასკილს და გავახარებთ მათ...

ავტორის ექაუნთი ფეისბუქზე

დატოვე კომენტარი