რა მოგვცა, რას ველოდებით, რა გვაძლებინებს ატოცში - ლაშა ბერულავას ბლოგი

ლაშა ბერულავა 2019-01-23 03:28:06 ნახვები 1251

2017 წლის ივლისში, როცა ანტიოკუპაციური მოძრაობის მიმართულებასა და პატრულირების ფორმას განვიხილავდით, ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდით იმას, რაც ატოცში მოხდა: რომ სამოქალაქო აქტივიზმის წინაშე რუსული სამხედრო მანქანა უკან დაიხევდა და ბორდერიზაცია დაპაუზდებოდა.

არადა, პაუზაც არის და პაუზაც: საინჟინრო ჯგუფი ატოცში ბოლოს 7 ნოემბერს გამოჩნდა, შემდეგ კი ოთხკაციანი "დესანტით" სიტუაცია 5 დეკემბერს დაზვერა და ისევ უკან დაიხია. 

148 ბოძი ატოცში ისევ დგას, მაგრამ მათზე ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის მთავარი სიმბოლო - მავთულხლართები არაა გაბმული და სწორედ ჩვენი, აქტივისტების (ცხადია, მხოლოდ ჩვენს გუნდს არ ვგულისხმობ) იქ ყოფნა, 24/7 პატრულირება და საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აღმოჩნდა სწორედ პატისმაგვარი სიტუაცია, როცა მოწინააღმდეგეს სვლა არა აქვს...

ყველაფერი კი 2017 წლის ივლისში, ნიგოზა-ყარაფილას მონაკვეთზე დაიწყო. ნიგოზა-ყარაფილიდან ატოცამდე გზა ძნელიც იყო და მარტივიც. მარტივი იმიტომ რომ იქ, სადაც ერთად ვიქნებოდით, ერთად ვიდგებოდით - მიგვეჩქარებოდა.

იმიტომ რომ იქ ყოფნამ, იქ დგომამ შეგვცვალა - ერთმანეთზე ზრუნვამ შეგვცვალა, იმის შეგრძნება მოგვცა, რომ ვირტუალური სივრციდან გამოსულები, პირისპირ დავდექით ოკუპანტებთან და ვუთხარით მათ:

აი, თქვენ ჩვენი სხეულის ნაწილებს გვჭრით და გვეუბნებით, "ნუ ყვირით! ნუ გვაღიზიანებთ!" - ჩვენ კი ვყვირით, რომ გვტკივა, ვყვირით, რომ ამას არ შევეგუებით, რომ კიდურების გარეშე დარჩენილებსაც შეგვიძლია ბრძოლა, რომ მართალია, იარაღი არ გვაქვს, მაგრამ როგორც დათო ქაცარავამ პირისპირ უთხრა ოკუპანტებს 5 დეკემბერს, არ გვაქვს არა იმიტომ, რომ მისი გამოყენება არ ვიცით, არამედ იმიტომ რომ მართლები ვართ, იმიტომ, რომ ჩვენს მიწაზე ვართ და თქვენ ჩვენც და ჩვენს მიწაზე მყოფ ჩვენს თანამოქალაქე ოსებს, აფხაზებს, სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს თავგზას უბნევთ, ითრევთ ჭაობში, რომელსაც რუსეთის იმპერია ჰქვია...

ყარაფილიდან ატოცამდე გზა იმიტომაც იყო მარტივი, რომ ერთმანეთის ენერგია, შემართება, ოპტიმიზმი გადამდები ხდებოდა და, გურამ დოჩანაშვილის არ იყოს, მხოლოდ მთქნარება კი არა, ოპტიმიზმიც გადამდები ყოფილა...

იყო დრო, საწვავი არ გვქონდა - სამარშრუტო ტაქსებს მივყვებოდით; იყო დრო, საკვები არ გვქონდა - მაინც ვუძლებდით და რომელიმე "ჩვენი გოგო" ან დედამისი სახლიდან გვაწვდიდა ხელკეთილით გამომცხვარ ცომეულს;

იყო დრო, გვციოდა, მაგრამ ვუძლებდით და, რაც მთავარია, გვერდით გვედგნენ ადამიანები, როგორც აქ, ჩვენს სამშობლოში, ასევე სამშობლოდან შორს წასულები, სამშობლომონატრებულები...

ეს გზა მარტივი იყო იმიტომ და პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ არ ვთამაშობდით, ჩვენ არ ვმარიაჟობდით, არ ვერთობოდით, როგორც ზოგი ღლიცინებდა თავიდან...

ჩვენ ვაპროტესტებდით და ვფიქრობდით, უფრო ეფექტურად როგორ გაგვეპრორტესტებინა...

და ჰოი, საოცრებავ! ყველაფერი თანდათან, თავისით ლაგდებოდა: ვისაც ჩვენთან ის არ დახვდებოდა, რასაც ელოდა - მიდიოდა და გუნდი ბუნებრივად იფილტრებოდა, ვიღაცის არარეალურ ამბიციებს ბუნებრივად და ძალდაუტანებლად ეკვეცებოდა ფრთები და ბირთვი, ძირითადი და შემართული, გზას მიჰყვებოდა, რომელსაც, თურმე, ატოცამდე მივყავდით...

და მივედით კიდეც - უპრეტენზიოდ, ხმაურის გარეშე, არავინ შეგვიწუხებია, ჩვენი მხარდამჭერების გარდა, ვისაც "ფეისბუქზე" ვაცნობეთ, რას ვაპირებდით - როგორც კი გავიგეთ, რომ მავთულხლართების გაბმას აპირებდნენ, ჩავჯექით მინივენში და ავედით, გვეძინა მანქანაში და ერთი სული გვქონდა, გათენებულიყო...

და ახლაც, ახლაც, ორი თვის და რამდენიმე დღის მერეც, არაფერი გაგვნელებია, არაფერი მოგვბეზრება, ისევ ისე ვართ: ავდივართ, ტალახში დავტყაპუნობთ, კოცონთან ვთბებით, საძილე ტომრებში გვძინავს, შემოვლის დროს შუალედში მანამდე მიწაზეც მივეგდებოდით ხოლმე, წყალგაუმტარი მოსასხამებით, ახლა კარავი გვაქვს, დიზელ გენერატორი გვაქვს, თბილი ტანსაცმელიც და ვიცით, ვიცით. რომ, როგორც ადრე დავწერე, -

ჩვენ ცოტანი, მაგრამ თქვენი წყალობით, მაინც ბევრნი ვართ და სხვანაირად ვართ აქ, სხვანაირად ვზრუნავთ ერთმანეთზე, მაგალითად, ძველებს ზურგჩანთაში ყოველთვის მოგვეძევება დამატებით თბილი ქურთუკი, ან პლედი ზურგჩანთაში იმ ახალბედებისთვის, რომლებსაც თბილი ტანსაცმელი არ წამოუღიათ (აქ ძალიან ცივა), აქ ერთმანეთს ლუკმას ვუყოფთ, სიგარეტს ვაძრობთ "გალიაკის" დროს რომელიღაც ჯიბიდან და გვიხარია, დათო ქაცარავას კი ვერ გაუგია, რატომ ვართ აღფრთოვანებულები საწამლავის პოვნის გამო...

ვამაყობთ იმით, რომ თქვენი დელეგირებული წარმომადგენლები ვართ ამ ადგილას. თქვენგან ზოგი ალალად გვიწერს, თქვენს იმედზე ვართო, ზოგი უფრო შორს მიდის და გმირებს გვიწოდებს და ეს აშკარად გაზვიადებულია, რადგან არავითარი გმირები ჩვენ არ ვართ, ჩვენ, უბრალოდ, ეს გამოსავალი ვიპოვეთ და მერე აღმოჩნდა, რომ მართლაც, დასტურ, ჭეშმარიტებაა ჩვენი ლიდერის აკვიატებული ფრაზა: "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!"..

იცით? ჩვენც თქვენს იმედზე ვართ, თქვენი თანადგომა გვაძლიერებს და გვაძლებინებს, ვამაყობთ იმით, რომ ნებისმიერ სოფელში, სადაც მოხალისეებად თბილისიდან წამოსულები მოსახლეობაში კითხულობენ, როგორ მოვლენ ჩვენს ბანაკამდე, "ქაცარავა და მისი გუნდი" ყველამ იცის.

ჩვენ არავის ვაყვედრით არაფერს, არავის ვამადლით თავს, არავის ვეუბნებით: "მე რომ აქ ვდგავარ, შენ სად ხარ?", არც მერე ვეტყვით, წლების შემდეგ: "სად იყავი მაშინ?"

რასაც ვაკეთებთ, ჩვენი არჩევანია, ძალით არავინ მოგვერეკება...

ჩვენ ხომ თითქოს უხერხულობა გვიპყრობს, როცა დიდი ხნის უნახავი ნაცნობი თბილისში გვხვდება და თითქოს, თავს ვიმართლებთ, როცა აქაურობაზე გვეკითხებიან: "გუშინ ჩამოვედი", "დღეს მივდივართ..."

და ისევ, ისევ ისე დავამთავრებ, როგორც ის ყველაზე გრძელი სტატუსი დავამთავრე და ბევრმა თქვენგანმა ერთგულად, ბოლომდე წაიკითხა:

ჩემი ტასასხელაა დათოს ქეთო და მგონია, რომ ახლა მამასთან სძინავს. და მგონია, რომ ტასასავით ბედნიერია, როცა მე სახლში ვარ და დათო ატოცში.

ისეც მომხდარა, ერთად ვყოფილვართ ღამის მორიგეობაზე და აი, ხომ ყველაფერი ამაღლებულია: საერთო საქმე, კარგი ადამიანების სიახლოვე, მაგრამ მეც და დათოსაც მაინც, მაინც მძიმედ გვხვდება გულზე, როცა ქეთო და ტასია დაბინდებულზე მამიკოებს ერთი და იგივე შინაარსის კითხვით ურეკავენ: "მამიკო, ჩემს დაძინებამდე მოხვალ?"

ტასა, ქეთო, ჩვენი გუნდის ბავშვებო, ვინც მოუთმენლად ელოდებით მამიკოებს: მამიკოები აუცილებლად მოვლენ და თუ თქვენს დაძინებამდე ვერა, იცოდეთ, რომ თქვენს სიზმრებს დარაჯობენ. 

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და ბრძოლა მხოლოდ ომი არ არის.

ასეა ეს.

დატოვე კომენტარი