მაგისტრალიდან 400 მეტრში რუსი ოკუპანტები ისევ ხნულებს ავლებენ

ლაშა ბერულავა 2017-09-19 10:31:40 ნახვები 857

გორის რაიონის სოფელ ყარაფილასთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან 400 მეტრში დამონტაჟებულ უკანონო ბანერთან რუსი ოკუპანტები ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს ავლებენ. ფოტო და ვიდეომასალას ორგანიზაცია “ძალა ერთობაშია” ავრცელებს, რომელიც იქ სამშვიდობო-სადამკვირვებლო მისიას ატარებს.

“ძალა ერთობაშია” აცხადებს, რომ ხნულის გავლების სამუშაოები ამ პერიმეტრზე უკვე მეორე დღეა, გრძელდება – გუშინ ოკუპანტები და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები ხურვალეთის მიმართულებით მუშაობდნენ.

ორგანიზაციის დამკვირვებელთა მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოში ჩანს, რომ დღეს ადგილზე გრეიდერი მუშაობს. 10 სექტემბერს ამ ადგილიდან ოდნავ მოშორებით ორჭოსანში მდებარე საოკუპაციო რუსული ბაზის სამხედრო ტექნიკა იცავდა იმ სასოფლო-სამეურნეო საშუალებებს, რომლებიც ხნულებს ავლებდნენ.

შეგახსენებთ, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებას უკავშირებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები. ისინი ამბობენ, რომ ამ ხნულებით ოკუპანტები თავიანთთვის ტერიტორიის მონიშვნას და უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ.

“ძალა ერთობაშია” აცხადებს, რომ გუშინ ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც მივიდნენ და პროცესს აკვირდებოდნენ, რის შემდეგაც ოკუპანტებმა ხნულების გავლება შეწყვიტეს, თუმცა, დღეს ისევ განაახლეს.

 

დატოვე კომენტარი