ატოცი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში: მოწოდება რუსეთს, შეწყვიტოს ბორდერიზაცია

ლაშა ბერულავა 2019-01-24 21:54:34 ნახვები 729

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ქარელის რაიონის სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტების მიერ დაწყებული უკანონო ბორდერიზაციაა ნახსენები. 

„დაუყოვნებლივ შეწყდეს მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მოხდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვა", - ნათქვამია ასამბლეის რეზოლუციაში.

რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა.

"ასამბლეა კვლავ ადასტურებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

შეგახსენებთ, ქარელის რაიონის სოფელ ატოცში რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია 2018 წლის 7 ნოემბერს დაიწყეს და 148 ბოძი დაამონტაჟეს, თუმცა მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა ანტიოკუპაციური მოძრაობდან "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზიოლის გასწვრივ კარავი გაშალეს და 24/7 რეჟიმში პატრულირება დაიწყეს, ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდა. 

სამოქალაქო აქტივისტები და რუსი ოკუპანტები ატოცში ამ დრომდე პირისპირ დგანან. "ძალა ერთობაშიას" პატრულირების გამო ოკუპანტები ბორდერიზაციის პროცესის გარძელებას ვერ ახერხებენ. 

 

დატოვე კომენტარი