რომელი დანაყოფები გვარბევდნენ და როდის ავირჩიეთ გენერალი როდიონოვი დეპუტატად - უცნობი ფაქტები 9 აპრილზე

ლაშა ბერულავა 2019-04-09 15:29:42 ნახვები 607

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოს დედაქალაქში სპეციალური დანიშნულების რამდენიმე საარმიო ქვედანაყოფი გადმოისროლა.

კერძოდ, თბილისში სისხლიანი სპეცოპერაციის ჩასატარებლად გადასროლილი იყო:

ძერჟინსკის დივიზიის მე-4-ე მოტომსროლელი პოლკი (650 ჯარისკაცი);

კიროვობადის 345-ე სადესანტო პოლკი (440 ჯარისკაცი);

პერმისა და ვორონეჟის ომონის ნაწილები (160 მოსამსახურე);

გორკის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სკოლის 450 კურსანტი.

გარდა ამისა, სპეც-ოპერაციაში გამოიყენეს თბილისში დისლოცირებული მე-8 მოტომსროლელი პოლკის 650 სამხედრო მოსამსახურე.

(წყარო: საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი)

სსრკ პროპაგანდა დიდხანს ცდილობდა, 9 აპრილის ტრაგედია ისევ ე.წ. არაფორმალებისთვის გადაებრალებინა და ტრაგედია მომიტინგეთა აგრესიით აეხსნა. საბჭოთა პრესა წერდა:

"8 აპრილს, ღამით ქალაქ თბილისში, მთავრობის სახლის მოედანზე ექსტრემისტი, ანტისაზოგადოებრივი ელემენტების მიერ პროვოკაციულად გამოწვეულ უწესრიგობათა აღკვეთის დროს დაშავდა ადამიანთა ჯგუფი სამოქალაქო პირთა და სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვიდან. მიტინგებისა და მანიფესტაციების მომწყობნი, არაფორმალურ გაერთიანებათა ექსტრემისტი ლიდერები პირდაპირ მოუწოდებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების, სამართალდამცავი ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობისაკენ, სისხლის ღვრისაკენ, არსებული ხელისუფლების დამხობისაკენ. ამ სიტუაციაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გაუთვალისწინებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით კომპეტენტურმა ორგანოებმა მიიღეს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 კაცი".

"კომუნისტი", 12 აპრილი, 1989 წელი.

"თბილისის პროკურატურა იუწყება, რომ ქალაქში 9 აპრილს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც იძიებს საქართველოს პროკურატურა. დაპატიმრებული არიან ხუხუნაიშვილი, კოსტავა, ჭანტურია, სარიშვილი და გამსახურდია. რესპუბლიკურ პრესაში გამოქვეყნებულ ცნობაში დაპატიმრებულთა შორის შეცდომით აღნიშნულია წერეთლის გვარი. ამჟამად მას დაეძებენ".

მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და გია ჭანუტრია 10 აპრილს დააკავეს, ხოლო "ძებნაში მყოფი" ირაკლი წერეთელი - 14 აპრილს. 1989 წლის 14 აპრილის "კომუნისტი" წერს: "შინაგან საქმეთა ორგანოებმა დააკავეს უწესრიგობათა ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი წერეთელი".

ციტატა ედუარდ შევარდნაძის გამოსვლიდან საქართველოს ცკ-ის 14 აპრილის პლენუმზე:

ედუარდ შევარდნაძე: "ლაპარაკობენ 9 აპრილის ტრაგედიის წინ მომხდარი ამბების მშვიდობიან ხასიათზე და დუმილით უვლიან გვერდს სრულიად არამშვიდობიან მოწოდებებს ანგარიშის გასწორებისათვის, წინა დღით რომ გაისმოდა. ზოგიერთმა, ვისაც ახალგაზრდობის კერპობა სწყუროდა, ვინც ამას ჩემულობდა, არათუ უგულებელყო თავისი პასუხისმგებლობა მათ წინაშე, არამედ დაიწყო ფრონდიორობა თავისი უპატივცემლობით კანონისადმი, კონსტიტუციისადმი. ბრალმდებლის როლში არ გამოვდივარ, მხოლოდ მინდა ვთქვა, რომ ვერაფრით დამიღწევია თავი იმ გრძნობისაგან, რომ თითქოს ე. წ. არაფორმალური ორგანიზაციების ლიდერებიდან ზოგს სრულიად შეგნებულად მიჰყავდა ადამიანები (რომლებიც მათ ენდობოდნენ) სამხვერპლოზე. მე არამც და არამც არ მომწონს ის ჯგუფები, რომლებიც საკუთარი კარიერისტული მიზნებით, თავიანთ რიგებში ითრევდნენ უმცროსი კლასების მოსწავლეებს".

გენერალ იგორ როდიონოვის მიმართვა 1989 წლის 9 აპრილს, როცა 23:00 საათიდან თბილისში კომენდანტის საათი დაწესდა:

"მე, გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი დანიშნული ვარ ქალაქ თბილისის სამხედრო კომენდანტად. პოლიტიკური სიმწიფის ნაკლებობამ, ამბიციურობამ და დემაგოგიამ უწესრიგობათა ორგანიზატორებს საშუალება მისცა, პროვოკაციულად გამოეწვიათ დრამატული სიტუაცია 9 აპრილის ღამით, რის შედაგადაც არის ადამიანთა მსხვერპლი. ჩვენ ღრმა სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ყველა ოჯახს".

სხვათა შორის, იგორ როდიონოვი სსრკ-ს სახალხო დეპუტატი ორგზის იყო და ერთხელ, 9 აპრილის ტრაგედიამდე სულ ცოტა ხნით ადრე, დეპუტატად ბორჟომის ოლქიდან იყო არჩეული...

რა ხდებოდა ცოტა მოგვიანებით? სსრკ პროპაგანდას რიტორიკა არც მერე შეუცვლია. ასე მაგალითად, სსრკ-ს გენერალური პროკურორი ნიკოლაი ტრუბინი შემდგომში დაწერს:

„როდესაც მიტინგების ორგანიზატორებისათვის ცნობილი გახდა ძალის რეალური გამოყენებისა და ადამიანთა ტრავმირების საფრთხის შესახებ მართლწესრიგის ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, გამსახურდიას, წერეთელს და სხვებს, უგულებელჰყვეს რა არაერთგზის გაფრთხილებები და იცოდნენ რა, რომ მოედანზე იმყოფებიან დიდი რაოდენობით და შეჯგუფებით ადამიანთა მასები, მათ შორის ქალები, მოზარდები, არა მხოლოდ არ უცდიათ ხელის შეშლა მოვლენათა ტრაგიკული განვითარებისათვის, ზომების მიღება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევათა შესაწყვეტად, მიტინგის დასაშლელად, არამედ მოუწოდეს შეკრებილებს, არ შეესრულებინათ კანონიერი მოთხოვნები, დამჯდარიყვნენ მიწაზე საჯარისო ნაწილების უშუალოდ მოახლოების წინ და მათთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.

რამდენიმე ადგილას მოწყობილი ცეკვა-თამაში ატარებდა მოჩვენებით და მოახლოებული საფრთხის წუთებში არაბუნებრივი მხიარულების ხასიათს.

მოედანზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა, მათ შორის მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოსულთა ყოფნა ფოტო და ვიდეოაპარატურით ხელში მოწმობს იმას, რომ არაფორმალურ ორგანიზაციათა ლიდერები, მოქმედებდნენ რა წინასწარ შემუშავებული სცენარით, ცდილობდნენ მიტინგისათვის უწყინარი, მშვიდობიანი მანიფესტაციის გარეგნული იერის მიცემას ".

სხვათა შორის, 16 აპრილს რუსთაველზე, ტრაგედიის ადგილას ედუარდ შევარდნაძე, ვიქტორ რაზუმოვსკი და გივი გუმბარიძე მივიდნენ და ყვავილები მიიტანეს...

ეს იყო იმ ესტაფეტის საწყისი წერტილი, რის შემდეგაც, აგერ უკვე 30 წელია, ტრაგედიის ადგილზე უამრავი უღირსი, ისეთი ადამიანი მიდის, ვინც თუ არ მონაწილეობდა 9 აპრილის დარბევაში, მინიმუმ, ამართლებდა მაინც მას...

დატოვე კომენტარი