ატოცის საოკუპაციო ზოლთან ხანძარი ძლიერდება

ლაშა ბერულავა 2019-04-10 14:45:37 ნახვები 1429

ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, საოკუპაციო ზოლს მიღმა, სოფელ ოქონის ტერიტორიაზე ჩვენმა სადამკვირვებლო ჯგუფმა ხანძარი დააფიქსირა, რომელიც თანდათან ძლიერდება და გიორგიწმინდაში მდებარე ტყისკენ მოიწევს. 

როგორც "ძალა ერთობაშია" სადამკვირვებლო ჯგუფის მეთაური მიხეილ ბალიაშვილი ატოციდან იტყობინება, ხანძარი დილით შენიშნეს. მას შემდეგ ცეცხლის კერა გაფართოვდა, ხანძარი კი გაძლიერდა. ბალიაშვილის მიერ გადაღებულ ფოტო-ვიდეომასალაში ჩანს, რომ ცეცხლი საკმაოდ დიდ პერიმეტრზეა მოდებული.

ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ზნაურიდან წამოსული სახანძრო მანქანა გამოჩნდა. ჯერჯჰერობით ადგილზე მხოლოდ ერთი სახანძრო რაზმი მუშაობს. რაც შეეხება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, ჯერჯერობით დაზუსტებით შეუძლებელია იმის თქმა, არსებობს თუ არა ატოცის ველებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება.

საქმის კურსშია პოლიცია, ასევე 112, თუმცა, საოკუპაციო ზოლთან, ატოცის მხარეს, სახანძრო მანქანები ჯერ არ გამოჩენილან. 

ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" სადამკვირვებლო ჯგუფი ასევე იტყობინება, რომ ხანძარს ხელი არ შეუშლია რუსი ოკუპანტების აქტიური გადაადგილებისთვის საოკუპაციო ზოლს მიღმა: შუადღის შემდეგ ატოცი-ბალთის მიმართულებით ოკუპანტთა როგორც ქვეითი, ასევე სატრანსპორტო პატრული მოძრაობს, ხოლო ჩვენი დამკვირვებლებისგან 70 მეტრში მდებარე ჯიხურში ისევ სამი რუსი ოკუპანტია ჩასაფრებული. 

დატოვე კომენტარი