პოლიციის საგუშაგო ჩორჩანაში: წინაისტორია და დეტალები

ლაშა ბერულავა 2019-08-30 21:27:14 ნახვები 1137

ბოლო ინფორმაციით, ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტი სოფელ ჩორჩანის ტყეში ადგილზე დარჩება, მხარეები კი შეთანხმდნენ, რომ დიალოგს ვითარების ესკალაციის გარეშე გააგრძელებენ.

ბოლო რამდენიმე დღეა, ქართული მხარისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის დავის საგნად იქცა ქართული პოლიციის სტაციონარული ბლოკ-პოსტი სოფელ ჩორჩანის ტყეში, რომელიც ოკუპირებულ სოფელ წნელისს ესაზღვრება.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება პოლიციის პოსტის გაუქმებას მოითხოვდა. მოსკოვისა და ცხინვალის მიერ კონტროლირებად მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის ედე ფაქტო ხელისუფლებამ ოფიციალურ თბილისს ულტიმატუმი წაუყენა, თუმცა, 30 აგვისტოს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე ცხინვალის მხარემ განაცხადა, რომ ულტიმატუმის შესახებ ინფორმაცია მედიის ინტერპრეტაცია იყო.

მედიაში გაჟღერებული ულტიმატუმის ვადა 30 აგვისტოს, დილის 6 საათზე ამოიწურა, მაგრამ ვითარების ესკალაცია არ მომხდარა: ცხელი ხაზის მეშვეობით მხარეები დიალოგზე შეთანხმდნენ და ტექნიკური, რიგგარეშე შეხვედრა დაიწყო. ქართული მხრიდან შეხვედრას სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ირაკლი ანთაძე, უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე და შს მინისტრის მოადგილე ლადო ბორცვაძე ესწრებოდნენ. კახა ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე რუსული მხარის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.

ბლოკ-პოსტის ლოკაციაზე განსხვავებული შეხედულებების გამო ჩაიშალა ერგნეთის შეხვედრა 29 აგვისტოს, ხოლო დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან ურთიერთობა და კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ერგნეთის შეხვედრას წინ უძღოდა არაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ბიბილოვის ვიზიტი სოფელ წნელისში, სადაც ის ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის თანხლებით ჩავიდა და ქართული პოლიციის საგუშაგოს ბინოკლით აკვირდებოდა.

ამის შემდეგ წნელისში მოხდა დე ფაქტო ცხინვალის შერიარაღებული ძალების ასეულისა და ჯავშანტექნიკის მიობილიზება, რაც კარგად ჩანდა ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" მიერ დრონით გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალაში.

"იმის არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა იყოს პოლიციის საგუშაგო ამ ლოკაციაზე, ვერ მოვისმინე, შესაბამისად, ბლოკ-პოსტი ადგილზე დარჩება, მხარეები კი შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას ერგნეთის შეხვედრაზე დიალოგს გავაგრძელებთ", - განაცხადა 30 აგვისტოს გამართული ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისი თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეძლო დაერწმუნებინა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ბლოკ-პოსტი არ წარმოადგენს საფრთხეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის.

წინაისტორია

ოკუპირებული წნელისი, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ ჩორჩანას ესაზღვრება, ქარელის მუნიციპალიტეტში შედის, ჩორჩანა კი - ხაშურის მუნიციპალიტეტში. ხაშურის მუნიციპალიტერტში შედის ასევე სოფელი წაღვლი, რომელიც თავის მხრივ, ჩორჩანის მოსაზღვრე სოფელია. სწორედ ამ ორი სოფლის - წაღვლისა და ჩორჩანის ტერიტორიაზეა ტყე, სადაც ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტის მოწყობა დაიწყო.

არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პოლიციის ბლოკ-პოსტის მოწყობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო - ამ დღეებში ქართული მხარე სტაციონარულ ნაგებობას აგებდა, რისთვისაც ჩორჩანის ტყეში გზის გაჭრა ჯერ კიდევ ადრიან გაზაფხულზე დაიწყო, მანამდე კი ქართული მხარის აქტიურობას ჩორჩანის ტყეში, ანტიოკუპაციური მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" მიერ ჩატარებული რამდენიმე სამოქალაქო პატრულირება უძღოდა. ერთ-ერთი ასეთი რეიდის დროს ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებმა ჩორჩანის ტყეში რუსული კვალი აღმოაჩინეს.

რუსული კვალი ჩორჩანის ტყეში

დავით ქაცარავას მიერ დაფუძნებული ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებმა 2019 წლის იანვრის დასაწყისში მიიღეს ინფორმაცია, რომ ჩორჩანის ტყეში მოულოდნელად გამოჩენილმა რუსმა სამხედროებმა კოდელ მონადირეს, რომელიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თოფი და ვაზნები წაართვეს და იმ ტერიტორიაზე გამოჩენა აუკრძალეს.

მონადირე საუბრობდა, რომ ტყეში პულვიზატორით მონიშნული ადგილები ნახა, სადაც რუსი მესაზღვრეები, სავარაუდოდ, ახალი ბორდერიზაციის დაწყებას გეგმავდნენ.

დავით ქაცარავა და მისი გუნდი რამდენჯერმე დამოუკიდებლად, რამდენჯერმე კი პოლიციის თანხლებით გავიდნენ მითითებულ ადგილას და ერთერთი ექსპედიციის დროს პულვიზატორით მონიშნული ხეები და ახლადგაჩეხილი ტოტები იპოვეს.

მედიას მიეწოდა ადგილზე ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რის შემდეგაც ქართულმა მხარემ 8 თებერვალს ეს საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე დააყენა. რუსული მხარე და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა უარი ეთქვა ჩორჩანის ტყესთან დაკავშირებულ გეგმებზე.

თებერვლის შემდეგ ქართულმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ინტენსიური პატრულირება დაიწყო. ტყეში ასევე პატრულირებდნენ დავით ქაცარავა და მისი გუნდის წევრები. ჩორჩანაში, მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე ერთ-ერთი პატრულირების დროს ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებმა რუსი მესაზღვრეების ქვეითი პატრული, მომდევნო დღეს კი მათი ტრანსპორტიც შენიშნეს. მასალები მედიაში გამოქვეყნდა, თუმცა, მძაფრი რეაგირება არ მოჰყოლია.

მარტი-აპრილის მონაკვეთში ქართულმა მხარემ ჩორჩანის ტყეში, ოკუპირებული წნელისის მიმართულებით, ტალკის საბადოებისა და მიტოვებული ქარხნის ტერიტორიისკენ, გზის გაჭრა დაიწყო. ზაფხულის დასაწყისში გზის გაჭრა დასრულდა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ წნელისთან ახლოს, ჩორჩანის ტყეში, სტრატეგიულ ადგილას, პოლიციის სტაციონარული საგუშაგოს მოწყობის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსული მხარის წარმომადგენელთა გაღიზიანება გამოიწვია.

ამ დროისთვის ქართული პოლიციის ბლოკ-პოსტი ადგილზე რჩება, ნარჩუნდება დღემდე არსებული სტატუს-ქვო, მაგრამ ვითარება ჯერაც დაძაბულია. მხარეები დიალოგს ერგნეთის შეხვედრაზე, მომავალ კვირას გააგრძელებენ.

30 აგვისტოს, საღამოს 7 საათისთვის წნელისში, ქართული საგუშაგოს მოპირდაპირე მხარეს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშა აღმართეს და განაცხადეს, რომ "რესპუბლიკის სტრუქტურები ჰუმანიტარული ოპერაციის განხორციელებას შეუდგნენ, რაც ქართული მხარის პროვოკაციული მოქმედებებით იყო გამოწვეული".

ადგილზე რჩებიან და მოვლენებს სადღეღამისო რეჟიმში აკვირდებიან ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები - დავით ქაცარავა და მისი გუნდი, რომლებიც ახლომდებარე სოფელ ატოცში არიან ბაზირებული.

https://www.youtube.com/watch?v=MpHCRiPpTV4&t=4s

დატოვე კომენტარი