ჩვენი ორგანიზაციის აქტიური წევრი გიორგი დეკანოსიძე ატოცში გარდაიცვალა

ძალა ერთობაშია 2019-10-01 11:47:49 ნახვები 2336

44 წლის გიორგი დეკანოსიძეს, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცში 29 სექტემბერს დილით, გულის შეტევით გარდაიცვალა, ხუთშაბათს, ვაშლიჯვარში დაკრძალავენ.


ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტიური წევრის ცხედარს ექსპერტიზა გორში ჩაუტარდა. გარდაცვალების მიზეზი მიოკარდიუმის ინფარქტი გახდა. გიორგი დეკანოსიძე ატოცში, პატრულირების ჯგუფის დანარჩენ სამ წევრთან ერთად იმ სახლში იმყოფებოდა, სადაც "ძალა ერთობაშია" არის ბაზირებული. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ენაცვლებიან და დღისით პატრულირებენ, ღამეს კი სახლში ათევენ. 

როგორც გიორგი დეკანოსიძის მეგობრები ჰყვებიან, დაახლოებით 12 საათზე ჩაძინებული აქტივისტი გამთენიისას გულმკერდის არეში ტკვილმა გააღვიძა და დახმარების თხოვნით მეგობრები გააღვიძა. მიხეილ ბალიაშვილის თქმით, გიორგის აჩქარებული ჰქონდა გულისცემა, უჩიოდა ტკივილს მუცელთან და გულმკერდში, თუმცა, გრძნობა არ დაუკარგავს და ადეკვატური იყო. 

"მაშინვე დავრეკე 112-ში, იქვე ქუჩაში მყოფი პოლიციელები ამოვიდნენ სახლში და ყველაფერი მათ თვალწინ ხდებოდა. გიორგი ფხიზელი იყო, თუ სიგარეტს არ ჩავთვლით, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, თუმცა, შეტევა სწრაფად განვითარდა და დაახლოებით 20 წუთში, სასწრაფოს მოსვლამდე, გიორგი გარდაიცვალა", - აღნიშნა მიხეილ ბალიაშვილმა. 

"თამამად ვიტყვი, რომ არამარტო ჩვენ, არამედ ქვეყანამ დაკარგა გიორგი: ასეთი კეთილი, სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებული, სწორად მოაზროვნე ადამიანი სწორედ ქვეყანას დააკლდება და არამარტო ოჯახს და ჩვენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, საშინელი ტრაგედია დატრიალდა", - ამბობს "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა

ატოცში, სახლში, სადაც გიორგი გარდაიცვალა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მისი ხსოვნის კუთხე მოაწყვეს. ატოცის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრის კურთხევით, საწოლთან, სადაც გიორგი გარდაიცვალა, 45 სანთელი, ნაკურთი წყალი და ხატები განათავსეს. 

დატოვე კომენტარი