დარბაზში ადგილი არ არის... - ქარელის საკრებულოს ღია სხდომაზე ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები არ შეუშვეს

ლაშა ბერულავა 2020-05-29 11:32:49 ნახვები 1128

ქარელის საკრებულოს ღია სხდომაზე, სადაც რუისის მოსახლეობა სპორტკომპლექსის ტერიტორიის ოკუპანტი ქვეყნის მოქალასქისთვის გადაცემას აპროტესტებდა, მოსახლეობის მხარდასაჭერად მისული დავით ქაცარავა და მისი გუნდის წევრები არ შეუშვეს. 

 

ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრები ქარელში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც რუისის მოსახლეობამ მათ მხარდაჭერა სთხოვა. აქციის მონაწილეები იმ გეგმას აპროტესტებენ, რომელიც, სავარაუდოდ, საკრებულომ უნდა დაამტკიცოს და რუისში, ამჟამინდელი სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. რუსიელებს განსაკუთრებით ის აშფოთებთ, რომ კონტრაქტორი პირი ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეა და, აქედან გამომდინარე, ეჭვობენ, რომ გაზგასამართ სადგურთან ერთად, ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურიც აშენდება, სადაც, შესაძლოა, კონტრაბანდული საწვავი გაიყიდოს. 

 

საკრებულოს სხდომა ქარელის კულტურის ცენტრის დარბაზში ტარდება, რომელიც 200 დამსწრეზეა გათვლილი. დავით ქაცარავას, რომელიც დარბაზში არ შეუშვეს, არშეშვების მიზეზად დარბაზში ადგილების ნაკლებობა დაუსახელეს, თუმცა, როგორც "მთავარის" ჟურნალისტის მიერ დარბაზში გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, იქ ასზე მეტი სავარძელი თავისუფალია, აქციის მონაწილეთა რაოდენობას პლუს ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრთა რიცხვი კი ორმოცდაათს (50) არ აღემატება. 

დატოვე კომენტარი