11 ივლისს, 33 წლის, კომუფლირებულ ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც თან ჰქონდა ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 300 მეტრით შემოვიდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და როცა სასაზღვრო რაზმს გადაეყარა, ჯერ მიმალვა სცადა, მერე კი მათი მისამართით დაახლოებით ათჯერ გაისროლა, რის შემდეგაც მესაზღვრეებმა საპასუხო ცეცხლით ფეხში მსუბუქად დაჭრეს, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც შეშფოთებაა გამოთქმული ბოლო დროს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ე.წ. საზღვრის გადაკვეთის თითქოსდა გახშირებული შემთხვევების გამო, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს 11 ივლისს, როცა ის მეგობართან ერთად სხვილოს ციხესთან ახლოს, ახმაჯის ველებზე, სოკოს საკრეფად იყო გასული. ფეხში დაჭრილი გახელაძე გაიტაცეს და ჯერ ახალგორში, მერე კი ცხინვალში გადაიყვანეს. გახელაძის ოჯახი მედიასთან ამჟამად არ საუბრობს, თუმცხა, გატაცების პირველ დღეს მათ განაცხადეს, რომ ზაზა გახელაძეს იარაღი არ ჰქონია და მისი კუთვნილი რეგისტრირებული სანადირო თოფი სეიფშია ჩაკეტილი.
ვერსიას, რომ ზაზა გახელაძემ საოკუპაციო ზოლი გადაკვეთა და მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა, კატეგორიულად არ იზიარებს ანტიოკუპაციური მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც თავის გუნდთან ერთად 2017 წლის ივლისიდან საოკუპაციო ზოლზე, შიდა ქართლში პატრულირებს. მისი თქმით, საოკუპაციო ზოლი თავად ოკუპანტებმა გადმოკვეთეს, ანუ, დაარღვიეს მათ მიერვე დაწესებული ე.წ. საზღვარი და საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. იმას, რომ რუსი ოკუპანტები ხშირად ჩნდებიან სხვილოს ციხესთან ახლოს, იქვე მდებარე სოფლების ნახირის მწყემსებიც ადასტურებენ:
"უკვე ზუსტად ვიცით ის ადგილი, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს 33 წლის ზაზა გახელაძე და შემდეგ უკვე გაიტაცეს. ეს გახლავთ სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. ახმაჯის ველები, რომლის ჯიპიეს კოორდინატსაც აქვე გთავაზობთ (42.043212,44,432170) ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და დაახლოებით 500-600 მეტრით (საჰაერო მანძილი) შემოვიდნენ ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საიდანაც შემდგომში გაიტაცეს ზაზა გახელაძე", - ამბობს დავით ქაცარავა.