ოკუპირებულ ერედვში ქართველთა სახლებს ანგრევენ

ლაშა ბერულავა 2017-09-22 14:08:40 ნახვები 1600

რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ ერედვში ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაბომბვას გადარჩენილი, ეთნიკური ქართველების სახლების ნგრევა და ტერიტორიის ნასახლარებისგან გაწმენდა დაიწყეს.

სამუშაოებისთვის თანხა რუსეთის ბიუჯეტიდან გამოიყო და მან 4,2 მილიარდი რუბლი (70 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ამ ეტაპზე 168 სახლი უკვე დანგრეულია, პროგრამით გათვალისწინებულია 268 სახლის დანგრევა. ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ მიწა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცემა.

სამუშაოების მწარმოებელი ფირმის წარმომადგენელი ამბობს, რომ ზოგი სახლის ფუნდამენტის აღება პრობლემატურია, რადგან ის მიწის სიღრმეში, სამი და მეტი მეტრითაა ჩასხმული.

გამოცემა “აფსნი.ჯი” ცხინვალის მედიის მიერ გავრცელებულ კადრებსაც აქვეყნებს, სადაც ნგრევის პროცესია ასახული.

შეგახსენებთ, ერედვი გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ცხინვალიდან 5 კილომეტრითაა დაშორებული. ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თითქმის მთლიანად განადგურდა, ქართულმა მოსახლეობამ კი სოფელი დატოვა.

დატოვე კომენტარი