დოქტორი სვანტე კორნელი: საქართველოს შეუძლია, შეუიარაღებელი სამხედრო ძალები ე.წ. საზღვართან განათავსოს და თავდაცვითი ინფრასტრუქტურაც აღმართოს

ლაშა ბერულავა 2017-09-26 14:16:41 ნახვები 1396

რა საშუალებებზე მიუწვდება ხელი საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ უპასუხოს რუსეთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრების თვითნებურ გადმოწევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) მიმართულებით?

რა იქნება ყველაზე შესაფერისი და ეფექტიანი რეაქცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან? “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ დასმულ შეკითხვებს საერთაშორისო ექსპერტები პასუხობენ.

დოქტორი სვანტე ე. კორნელი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პაულ ჰ. ნიცეს სახელობის უმაღლესი საერთაშორისო მეცნიერებების სკოლა, აშშ:

2008 წლის ომის შემდეგ, საქართველო “ბორდერიზაციის” უპრეცედენტო გამოწვევის პირისპირ დგას, რაც რეალურად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის მხრიდან განგრძობად საომარ ქმედებებს გულისხმობს – ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ცალმხრივი დაწინაურება მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე.

რა თქმა უნდა, ამას მოსკოვი იყენებს, ერთი მხრივ, როგორც სასჯელს საქართველოს მიერ არჩეული დამოუკიდებლობის კურსის წინააღმდეგ, მეორე მხრივ, კი, როგორც ბერკეტს – ტერიტორიის კიდევ უფრო გადმოწევის მუქარით, იგი ცდილობს გავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობის ქმედებებზე.

ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც სამხედრო საფრთხის წინაშე დგას, შესაძლოა ჰქონდეს რამდენიმე, მეტნაკლებად რეალისტური არჩევანი – დიპლომატიური ქმედებითა და განცხადებებით დაწყებული ეკონომიკური და სამხედრო ნაბიჯებით დამთავრებული. 2008 წლის ომიდან მოყოლებული, საქართველო მხოლოდ ერთადერთ – დიპლომატიურ – საშუალებას იყენებს. უფრო მეტიც, დიპლომატიურ მეთოდს საქართველო ყოველი კონკრეტული შემთხვევის დროს მიმართავს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ ტერიტორიის მიტაცების თითოეულ, ინდივიდუალურ შემთხვევაზე რეაგირებს, მაგრამ მას არ შეუქმნია გრძელვადიანი და უწყვეტი დიპლომატიური კამპანია, რომლის მიზანიც საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს შორის კონკრეტული შედეგის მიღწევა იქნებოდა. საქართველოს არც შეირაღებული ძალები განუთავსებია ადმინისტრაციულ საზღვრებთან, რაც რუსეთს მიწების მიტაცებას გაურთულებდა.

ძირითადად, საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, იმ ვარაუდზე ამყარებს იმედებს, რომ რადგან საქართველოს რუსეთთან დიალოგი სურს, მოსკოვიც, საპასუხოდ, თავს შეიკავებს მტრული ქმედებებისგან. რაც ნათელია, რომ ასე არ ხდება. თეორიულად, მსგავსი საფრთხის ქვეშ მყოფი ნებისმიერი სახელმწიფო თავის შეიარაღებულ ძალებს ე.წ. საზღვართან განალაგებდა, რათა ტერიტორიების მიტაცება უფრო გაერთულებინა.

თუმცა გასაგებია, და სწორიცაა, რომ საქართველოს ეშინია, მოსკოვმა ქართული ჯარის საზღვართან ყოფნა ახალი და უფრო დიდი კონფლიქტის წამოწყების მიზეზად არ გამოიყენოს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობის გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია, შეუიარაღებელი სამხედრო ძალები ე.წ სასაზღვრო ხაზებთან განათავსოს და თავდაცვითი ინფრასტრუქტურაც აღმართოს, რათა მიწის მიტაცება ბევრად ძნელი გახდეს.

ზემოხსენებული ვარიანტი აუცილებლად უნდა განიხილოს. ამის მიღმა კი, აშკარაა, რომ საქართველომ უნდა გასწიოს ძლიერი დიპლომატიური ძალისხმევა, რათა თავის პარტნიორებს ყურადღება გაამახვილებინოს იმ ხანგრძლივ ტენდენციებზე, რაც რუსეთის საქციელში შეინიშნება, და, ასევე, მიიღოს დასავლეთისგან ისეთი აქტიური საპასუხო ქმედებები, როგორიცაა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ან ევროკავშირის მიერ სასაზღვრო ხაზების მონიტორინგის გაძლიერება.

მაგალითისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პერსონალის მუდმივ რეჟიმში განთავსება რისკის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, შესაძლოა, რუსეთისთვის შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს “ბორდერიზაციის” გაგრძელებაში, რაშიც, აშკარაა, რომ რუსეთს, ამჟამად, არაფერი უშლის ხელს.

დატოვე კომენტარი