სირიაში ოკუპანტი გენერალ-მაიორი ვალერი ასაპოვი დაიღუპა

ლაშა ბერულავა 2017-09-24 14:18:56 ნახვები 621

რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-5 არმიის მეთაური, ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილე და დონბასში დისლოცირებული რუსეთის პირველი არმიული კორპუსის ხელმძღვანელი, 2002 წელს კოდორის ხეობაში გადმოსხმული დესანტის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვალერი ასაპოვი სირიაში დაიღუპა. 

ვალერი ასაპოვის ბიოგრაფიაში, რომელიც უკრაინული “მიროტვორეცის” ბაზაშია შეტანილი, აღნიშნულია, რომ ის 1992 წლის საომარი მოქმედებების დროს ცხინვალში რუსულ შენაერთს მეთაურობდა, ხოლო 2002 წლის 12-13 აპრილს ხელმძღვანელობდა კოდორის ხეობაში რუსული დესანტის გადმოსხმას.

ინფორმაციას რამდენიმე რუსული გამოცემა, მათ შორის, “გაზეტა. რუ” ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს რუსი გენერლის დაღუპვის ფაქტი ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

გენერალ-მაიორისადმი დაქვემდებარებული არმიიდან წყაროზე დაყრდნობით, გამოცემები წერენ, რომ გენერალი ასაპოვი და კიდევ ორი პოლკოვნიკი სამეთაურო პუნქტზე დამიზნებით გახსნილი ნაღმტყორცნების ცეცხლის დროს დაიღუპნენ.

ინფორმაცია გენერლის დაღუპვის შესახებ გამოქვეყნდა “ინსტაგრამის” არაოფიციალურ გვერდზე რუსეთის არმიის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ გენერალ-მაიორი და კიდევ ორი პირი დეიზ-ეზ-ზორთან ახლოს ახლოს, მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც სამეთაურო პუნქტს ჭურვი მოხვდა.

გენერალ-მაიორი ასაპოვი 51 წლის იყო და უამრავი სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული. მის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ 2007-დან 2011 წლამდე ის კურილიის კუძულებზე დისლოცირებული საარტილერიო დივიზიის მეთაური იყო.

დატოვე კომენტარი