დოქტორი ჰამილტონი: ბორდერიზაცია ისეა მოფიქრებული, რომ სამხედრო აგრესიის დეფინიცია არა აქვს, მაგრამ საქართველოს დილემის წინაშე აყენებს

ლაშა ბერულავა 2017-09-26 14:21:14 ნახვები 476

რა საშუალებებზე მიუწვდება ხელი საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ უპასუხოს რუსეთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრების თვითნებურ გადმოწევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) მიმართულებით?

რა იქნება ყველაზე შესაფერისი და ეფექტიანი რეაქცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან? “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ დასმულ შეკითხვებს საერთაშორისო ექსპერტები პასუხობენ.

დოქტორი რობერტ ე. ჰამილტონი, აშშ-ს არმიის ომის კოლეჯი, აშშ:

რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ში მიმდინარე დებატებმა, თუ როგორ უპასუხონ კრემლის მიერ აშშ-ს 2016 წლის არჩევნებში ჩარევას, უფრო მეტად გააბუნდოვნა რუსეთის მორიგი შეტევა უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე – ე.წ. “ბორდერიზაციაზე” საქართველოში.

“ბორდერიზაცია“ გულისხმობს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური „ობლასტის“ სასაზღვრო ზოლებზე ბარიერების აშენებას მათი დე ფაქტო საერთაშორისო საზღვრად გადაქცევის მიზნით.

საქართველო და საერთაშორისო საზოგადოების აშკარა უმრავლესობა ამას საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს: პირველ რიგში, იმიტომ, რომ ამჟამად რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიის ის ნაწილიც, რომელიც 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომამდე უდავოდ საქართველოს კონტროლრებად ტერიტორიას წარმოადგენდა; და მეორე რიგში, იმიტომ, რომ რუსეთმა არ დაუშვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ამ ჩუმი ომის წარმოებით რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს. პირველ რიგში, ეს არის სამხედრო პოზიციების გაუმჯობესება საომარი მოქმედებების აღდგენის შემთხვევაში. საზღვრების გამუდმებით გადმოწევით, რუსეთმა რამდენიმე ასეული მეტრით გადმოინაცვლა საქართველოს აღმოსავლეთ- დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი გზისკენ, რაც მისთვის, ნებისმიერი სახის განახლებულ კონფლიქტში, მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.

ამას გარდა, „ბორდერიზაციის“ მეთოდი, მისი თანდათანობით მზარდი ბუნებიდან გამომდინარე, ისეა მოფიქრებული, რომ იგი არ ექცევა სამხედრო აგრესიის სამართლებრივი დეფინიციის ქვეშ, ამავდროულად, კი საქართველოს დილემის წინაშე აყენებს. თუკი საქართველო ვერ შეძლებს, ეგრეთ წოდებულ „მცოცავ ანექსიაზე“ რეაგირებას, ქვეყანა დგება საფრთხის ქვეშ, რომ სახელმწიფო სამუდამოდ დაკარგავს ტერიტორიებს, ხოლო მის ხალხს გაუქრება რწმენა, რომ მთავრობას მათი დაცვა შეუძლია.

მეორე მხრივ, თუ სახელმწიფოს ზედმეტად წინააღმდეგობრივი რეაქცია ექნება, ამით, რუსეთს სამხედრო აგრესიის განახლებისთვის გამამართლებელ მიზეზს მისცემს. რუსეთის მესამე და ყოვლისმომცველი ამოცანა კი ის არის, რომ საქართველო არასტაბილურ და სამხედრო თვალსაზრისით დაუცველ ქვეყანად, შესაბამისად, პოტენციურ საპასუხისმგებლო ტვირთად წარმოაჩინოს ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თვალში, რითაც საქართველოს ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას უშლის ხელს.

სამწუხაროდ, ამ დილემიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ საქართველოს შეუძლია გარკვეული ღონისძიებების გატარებით შეამციროს მისი ეფექტი. პირველი რიგში, ეს არის „ბორდერიზაციის“ და რუსეთის მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამხრეთ ოსეთში არდაშვების ფაქტის საერთაშორისო დღის წესრიგის ნაწილად შენარჩუნება.

საქართველომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველგან, სადაც კი რუსეთის მიერ უკრაინის ინტერვენციის საკითხი წამოიჭრება, იქვე მოხდეს საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვაც, როგორც მოსკოვის უფრო დიდი და ზოგადი გეგმის ნაწილისა, შეაშინოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს მეზობელ ქვეყნებში საერთაშორისო სამართლის დარღვევის გზით.

მეორე სტრატეგია „მცოცავ ანექსიაზე“ „მცოცავი რეინტეგრაციით“ პასუხი შესაძლოა იყოს. ეს მოიცავს მშვიდობიან და თანდათანობით მზარდ ქმედებებს, რაც სტიმულს მისცემს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ნებაყოფლობით დაუბრუნდნენ საქართველოს. ცხადია, ეს სტრატეგია დიდ მოთმინებასა და დროს – სავარაუდოდ, ათწლეულებს – მოითხოვს.

თუმცა, აშშ-ს ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ მიმართული ცივი ომის სტრატეგიის მსგავსად, ასეთმა „რბილმა ძალამ“, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისკენ გაუკვალოს გზა.

დატოვე კომენტარი