ოკუპირებული ბავშვობა

ლაშა ბერულავა 2017-09-27 14:29:25 ნახვები 428

ნათია გალის რაიონის სოფელ საბერიოში ცხოვრობს და სკოლამდე მისასვლელად ხუთი კილომეტრის ფეხით გავლა უწევს. წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის საჯარო სკოლაში ის მშობლიურ ენაზე სწავლობს. საბერიოში ამას რუსი ოკუპანტები უკრძალავენ. ნათია ოკუპანტების პოსტს გვერდს უვლის და პირველ გაკვეთილზე დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედის.

წყოუშის სკოლის 200 მოსწავლიდან ნათიას მსგავსად კიდევ 70 ბავშვი იქცევა. ყველა მათგანს კლასში შესვლამდე სკოლიდან სამასიოდე მეტრით დაშორებული რუსული პოსტის გავლა უწევს. ბავშვების ნაამბობიდან კარგად ჩანს, რომ ოკუპანტები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე სწავლის სურვილი გაუქრონ.

ადმინისტრაციულ საზღვარს მთლიანად ოკუპანტები აკონტროლებენ. პოსტზე ინახება იმ მოსწავლეების სია, რომლებიც წალენჯიხა-გალის საზღვარს ყოველდღე კვეთენ.

ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს რაიონების საჯარო სკოლებში საერთო ჯამში 800 ისეთი მოსწავლეა, რომელიც ქართულ ენაზე განათლების მიღების სურვილით ყოველდღე გალის რაიონიდან ჩხოროწყუში გადმოდის და გაკვეთილების დასრულების შემდეგ უკან ბრუნდება.

გალში გამართულ ერთ-ერთ ხუთმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსული მხარე ქართველ მოსწავლეებს გადაადგილებაში ხელს არ შეუშლიდა. მაგრამ როგორც სხვა დანარჩენს, ოკუპანტები ამ შეთანხმებასაც უხეშად არღვევენ.

სოფელი წყოუში გამონაკლისი არ არის. ანალოგიური მდგომარეობაა ადმინისტრაციული საზღვრის სხვა მონაკვეთებზეც. ოკუპირებულ სოფლებში რუსი ჯარისკაცების მიერ მისაკუთრებულ შენობებს შორის სკოლებიც არის.

იმ ოკუპირებულ სოფლებში, სადაც სკოლები ჯერ არ გაუუქმებიათ, პედაგოგებს გალის აფხაზური ადმინისტრაცია არჩევს. მუშაობის დაწყების წინ მათ მიერ შერჩეულმა პედაგოგებმა ხელწერილი უნდა დაწერონ, სადაც მიუთითებენ, რომ მოსწავლეებს საგანს აუცილებლად რუსულ ენაზე შეასწავლიან. გალში მცხოვრები ქართველებისთვის ასეთი პირობები მიუღებელია.

ამიტომ, იძულებულნი არიან, ყოველ დილით, დარში თუ ავდარში, შვილები სახლიდან შორს გაგზავნონ. იქ, სადაც ისინი ქართულად სწავლას შეძლებენ. ყოველდღიური სტრესული მდგომარეობა ბავშვების ფსიქიკაზეც ტოვებს კვალს. სხვა თანატოლებთან შედარებით გალის სოფლებში მცხოვრები მოსწავლეები საკუთარ თავში ჩაკეტილები და ნაკლებად გახსნილები არიან. პედაგოგებთან კონსულტაციის შემდეგ ამ ბავშვების რეაბილიტაციის მიზნით წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა სპეციალური სტრატეგია შეიმუშავა.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის საჯარო სკოლაშიც სწავლობენ. ოკუპირებული აფხაზეთისგან ამ სოფელს ენგური ჰყოფს. ნათიასგან განსხვავებით, მის თანატოლ ელენე ჯღამაიას ყოველდღე ენგურის გადალახვა და შემოვლითი გზებით სიარული არ უწევს იმისთვის, რომ სკოლამდე მივიდეს.

ელენე სახლიდან პირველი გაკვეთილის დაწყებამდე ათი წუთით ადრე გადის. სწორედ ეს დრო სჭირდება სკოლამდე მისასვლელად. ელენეც დევნილია, სოხუმიდან. თუმცა, სოხუმი არასოდეს უნახავს და ამიტომ მხოლოდ სიზმარში ნანახ ქალაქს ხატავს.

აფხაზეთში მყოფი თანატოლების მდგომარეობას მტკივნეულად განიცდის. ეს ემოციები მის მიერ დამუშავებულ თემებსა და ნახატებში აისახება. ელენეს ნაწერებში კარგად ჩანს, რომ მისი და ნათიას ბავშვობა მხოლოდ გარეგნულად განსხვავდება. ორივე მათგანის ცხოვრებაში ეს პერიოდი, უბრალოდ, ოკუპირებულია.

წალენჯიხისა და გალის რაიონის საზღვართან მყარად მოკალათებული ოკუპანტები სპეციალური სათვალთვალო მოწყობილობით სკოლას და მის მიმდებარე ტერიტორიას რიგრიგობით აკვირდებიან. პოსტზე მათ ფოტოაპარატიც აქვთ და ფოტოებს უღებენ ყველას, ვინც ამბობს, რომ ქართულ სკოლაში სწავლობს. მე-11 კლასელი მილენა ახალაია მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მათ ფოტოთეკაში მოსწავლის ფოტოსურათი არ აღმოჩნდა. ის გალში გადაიყვანეს და 2 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

ნათიასთვის, ბექასთვის, მილენასთვის, მათ მსგავსად, კიდევ სხვა ასეულობით მოსწავლისთვის და მათი მშობლებისთვის მშობლიურ ენაზე სწავლა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, ქართულ სკოლებში დადიან და როგორც პედაგოგები ამბობენ, მათი უმრავლესობა კარგი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა.

არის ისეთი დღეებიც, როცა ისინი გალიდან გადმოსვლას ვერ ახერხებენ და შესაბამისად კლასში მოსწავლეთა ნახევარი არ არის. გალის სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებს პედაგოგები სოლიდარობას იმით უცხადებენ, რომ ჟურნალში მათ არგამოცხადებას არ აღნიშნავენ.

ბავშვებმა იციან, რომ ის, ვინც არ არის, ან ავადაა, ან ოკუპანტებმა უკან გააბრუნეს. ისიც იციან, რომ გაცდენის მიუხედავად, ის მოსწავლეები სახლში იმეცადინებენ – პრობლემების მიუხედავად ბავშვები ახერხებენ, ახალი გაკვეთილის შესახებ ერთმანეთს ინფორმაცია მიაწოდონ.

ზოგჯერ საღამოობით ერთ-ერთი კლასელის სახლში იკრიბებიან და გაკვეთილებს ერთად ამზადებენ. მეორე დღეს კი ყველაფერი თავიდან იწყება: ადრე ადგომა, ნაჩქარევი საუზმე და რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით. ასეთი რეჟიმით ცხოვრობს და სწავლობს 800-ზე მეტი ბავშვი გალის რაიონის სხვადასხვა სოფელში.

ვიდეოჩანახატი მომზადებულია 2011 წელს

 

 

დატოვე კომენტარი