როგორ შევაჩეროთ მცოცავი ოკუპაცია – ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ლაშა ბერულავა 2017-09-27 14:35:26 ნახვები 539

ვალერი ჩეჩელაშვილი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემას – რუსეთის მხრიდან მცოცავ ოკუპაციას ეხმიანება და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვებგვერდზე აქვეყნებს საკუთარ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რა იქნება ყველაზე ეფექტური, საიდან უნდა დავიწყოთ და რით უნდა გავაგრძელოთ, რომ შედეგამდე მივიდეთ.

“დეოკუპაცია.ჯი” გთავაზობთ ამონარიდებს ვალერი ჩეჩელაშვილის წერილიდან:

“საქართველოს ახალი საგარეო პოლიტიკა რუსეთისთვის ღირებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს პრობლემები საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს გამო აღარ ხვდება. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჰამბურგში ამის ნათელი დადასტურება იყო.

ორსაათნახევრიანი შეხვედრის დროს უამრავი საკითხი განიხილეს – რუსეთის ჩარევა აშშ-ის საარჩევნო პროცესში, სირია, უკრაინა, ისლამური სახელმწიფო, ჩრდილოეთი კორეა.

არც რუსეთის, არც აშშ-ის წყაროებს, არც ერთ ჟურნალისტს არც ერთ პუბლიკაციაში არ უხსენებია საქართველო, როგორც დღის წესრიგის ან თუნდაც მოლაპარაკების თემა; ჩვენ რომ საერთაშორისო დღის წესრიგის საკვანძო საკითხებში აღარ ვართ, ეს ნათელია; უარესია, რომ ასეთი ტენდენცია საბოლოოდ გადაისვრის ჩვენს დიპლომატიას პერიფერიაზე, აქედან გამომდინარე ყველა შესაბამისი შედეგით”.

“… ინიციატივასა და სადავეებს რუსეთი იგდებს ხელში, ჩვენ ვთამაშობთ მეორე ნომრად. ეს ძალზე არახელსაყრელი პოზიციონირებაა. დიპლომატიის ხელოვნება გამოიხატება უნარში, ერთი მხრივ, გააფართოვო საკუთარი მანევრის არეალი და, მეორე მხრივ, შეზღუდო ოპონენტის მანევრის საშუალება.

ამ თვალსაზრისით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით დიდი წარმატებებით. რუსეთი საქართველოს გამო აღარ განიცდის ზეწოლას საერთაშორისო არენაზე – მისი მანევრის საშუალება ფართოვდება. ჩვენ ვრჩებით ერთი ერთზე რუსეთთან – ჩვენი მანევრის ველი იზღუდება.

ორმხრივ ფორმატში რუსების რამეში დარწმუნება გაცილებით რთულია, ისევე, როგორც შედეგების მიღწევა; გავითვალისწინოთ ისიც, რომ პრინციპში შეთანხმებების შესრულებით რუსეთი მაინც და მაინც თავს არ იწუხებს – ამის მაგალითები მრავლადაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში”.

“თამამად შეიძლება გამოვიყენოთ ძალოვანი პოტენციალი ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს ჩვენი უფლებაც არის და ვალდებულებაც, პირველ რიგში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების წინაშე. გვაქვს პოტენციალი და უნდა ვიმოქმედოთ ღიად და თამამად. წინააღმდეგობის გაწევის გარეშე რუსეთი უსათუოდ განაგრძობს „მცოცავი ოკუპაციის“ პროვოკაციულ სტრატეგიას. ამის მოწმეები ვართ უკვე თითქმის 9 წელიწადი”.

“აქტიური დიპლომატია უნდა შევავსოთ გაბედული მოქმედებებით უშუალოდ გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჩვენი სტრატეგიის პროგრამა-მინიმუმი უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ შევაკავოთ რუსეთი დღეს დე-ფაქტო გამყოფ ხაზზე, უკეთესია – საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მაგალითად, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) პოტენციალის ქმედითი გამოყენებით, მაგრამ ვიდრე ეს გამოგვივა – დაუყოვნებლივ, საკუთარი ძალებით.

რაც პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ესაა სახელმწიფოს შესაძლებლობების დემონსტრირება გამყოფ ხაზზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს (და არა თავდაცვის სამინისტროს, რამეთუ დე იურე ეს ჩვენი ტერიტორიაა) მუდმივი საგუშაგოების განთავსება და ღამის ხედვის ხელსაწყოების გამოყენებით ვიდეოდაკვირვების სისტემის მონტაჟი ამგვარი დემონსტრირების აუცილებელი კომპონენტებია. განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა იყოს ფოკუსირებული გამორჩეულად საშიშ მიმართულებებზე, მაგალითად, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პარალელურად, უნდა შევადგინოთ „მცოცავი ოკუპაციის“ ამსახველი ვირტუალური რუკა, რაც შეიძლება დეტალური, გამაგრებული ადგილობრივი მოსახლეობის კანონის თანახმად რეგისტრირებული ჩვენებებით. ამ მასალებზე დაყრდნობით, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი დიპლომატიის ფორმატების გამოყენებით, მნიშვნელოვნად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი მოქმედებები.

ჩამოვაყალიბოთ „მცოცავი ოკუპაციის“ შეჩერების ფონდი. ბიზნესმა მხარი დაუჭირა „Check in Georgia“-ს მნიშვნელოვან პროგრამას. სავარაუდოა, რომ ახლადშექმნილი ფონდის მხარდაჭერა გაცილებით აქტიური იქნება ასევე რიგითი მოქალაქეების მხრიდან. ფონდის სახსრები ძირითადად გამოყენებული უნდა იყოს ორი მიმართულებით – გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა და გამყოფ ხაზთან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ოპერაციების თანადაფინანსება. ყველაფერთან ერთად, აღნიშნული ფონდის საქმიანობა აგრეთვე ხელს შეუწყობს საზოგადოების გაერთიანებას ყველაზე სახიფათო გამოწვევის გადალახვაში.

დროა დავიწყოთ მოქმედება. რუსეთმა შეძლო ჩამოეყალიბებინა მოვლენების განვითარების მისთვის ხელსაყრელი ლოგიკა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით.

ალტერნატივას წარმოადგენს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება, ანუ უმოქმედობა, რაც წააქეზებს რუსეთის „მცოცავი ოკუპაციის“ პოლიტიკას და გაგვირთულებს ისედაც მძიმე ვითარებას.”

წყარო

გამოქვეყნებულია 2017 წლის 18 ივლისს

დატოვე კომენტარი