ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზების მშენებლობის ტემპები

ლაშა ბერულავა 2017-10-04 15:25:28 ნახვები 2298

,,google maps“-ის 2009-2010 წლებისა და ,,bing maps“-ის 2013 წლის თანამგზავრული გადაღებები. ეს ვიზუალური მასალა ცხადად აანალიზებს და ხატავს რეალურ სურათს იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებში.

კონკრეტულად ამ მასალაში განხილულია მდგომარეობა, რომელიც გუდაუთაში ოკუპანტთა მე-7 და ცხინვალში, მე-4 ბაზაზეა შექმნილი.

ვიზუალური მტკიცებულებების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თვალყური მიადევნოთ, როგორ ვითარდებოდა და ვითარდება ინფრასტრუქტურა ამ ბაზებზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ.

,,google maps“-ის 2009-2010 წლების თანამგზავრული გადაღებებისა და ,,bing maps“-ის 2013 წლის თანამგზავრული გადაღებების მცირე ანალიზი-შეფასება ნათლად გვიჩვენებს ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის მე-7 ბაზაზე, ოჩამჩირის პორტში, ასევე ცხინვალის მე-4 ბაზაზე, ცხინვალსა და ჯავაში 2010 წლისთვის არსებულ მდგომარეობას სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებით.

კარგად ჩანს, რომ თავდაპირველად ბაზებზე მცირე ობიექტები და შედარებით უმნიშვნელო ინფრასტრუქტურა იყო, ხოლო 2013 წლის მდგომარეობით, იგივე ადგილები თითქმის დასრულებული ინფრასტრუქტურითაა წარმოდგენილი.

 

ეს კიდევ ერთხელ აცამტვერებს მითს იმის შესახებ, რომ რუსეთი მზადაა, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლებიდან ე.წ. კონსტრუქციული ნაბიჯების დანახვის შემდეგ მზადაა, რაიმე ფორმით გადახედოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისა და იქედან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის საკითხს.

მიმდინარეობს არამხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, არამედ, რუსი სამხედროებისთვის კეთდება სოციალური ინფრასტრუქტურა(სკოლა, ბაღი,პოლიკლინიკა, სპორტული მოედნები და სხვ.).

გუდაუთაში ბაზის მშენებლობასთან ერთად ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობდა, რასაც, ცხადია, ავიაციისთვისაც გამოიყენებენ. რუს ოფიცრებს და ე.წ. კონტრაქტნიკებს მოტივაციას უზრდიან ცოლ-შვილის ჩამოყვანის უფლების მიცემით, აფხაზეთში კი იქ ჩასახლების პერსპექტივასაც უსახავენ.

რუს ოკუპანტებს საკმაოდ დიდი ხელფასები აქვთ: ჩვეულებრივ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცს 300 დოლარამდე, ე.წ. კონტრაქტნიკს 1200 დოლარამდე, ოფიცრებს კი რანგის მიხედვით 1500 და ზემოთ.

განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. კონტრაქტნიკების მოზიდვაზე მახვილდება, უმეტესად ისეთ სპეცდანაყოფებში, როგორიცაა დაზვერვა, საინჟინრო და სხვა.

ყურადღება ეთმობა ეთნიკურ კუთხესაც, ანუ აფხაზეთში და ცხინვალში ციმბირიდან და რუსეთის ჩრდილოეთიდან იზიდავენ კონტინგეტს.

რუსი სამხედროები ერთმანეთთან ხშირად ჩხუბობენ ტელეფონის, ტანსაცმლისა და ფულის გამო. დედოვშჩინა, ლოთობა, ნარკომანია, ე.წ. ყომარი ოკუპანტ ჯარისკაცებს შორის ჩვეულებრივ ყოველდღიურობადაა მიჩნეული.

გასაიდუმლოებული სტატისტიკიდან სხვადასხვა სამხედრო ფორუმზე გაჟონილი ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ ცხინვალში ბოლო წლებში ათამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა თვითმკვლელობით ან გაუფრთხილებლობით, დაუდევრობით გამოწვეული უბედური შემთხვევის გამო.

ხშირია ადგილობრივი ახალგაზრდა კრიმინალების მხრიდან რუსი სამხედროების გაქურდვისა და დააყაჩაღების ფაქტები როგორც ერთ, ასევე მეორე ოკუპირებულ რეგიონში.

დატოვე კომენტარი